title: "ᲙᲘᲑᲔᲠᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ: ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲝᲡ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲛᲐ ᲕᲔᲑᲡᲐᲘᲢᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲪᲐᲕᲐᲓ?"
description: "ინტერნეტის განვითარებამ და ტექნოლოგიების წინსვლამ ახალ შესაძლებლობეთან ერთად, ახალი საფრთხეებიც გააჩინა. კიბერუსაფრთხოება დღეს ფუფუნება აღარ არის და ნებისმიერი "
canonical_url: "https://connect.ge/ge/blog/439-vebsaitis-usafrtkhoeba-ra-unda-gaitvalistsinos-biznesma-vebsaitis-dasatsavad"
locale: ge
meta:
author: website
"og:description": "ინტერნეტის განვითარებამ და ტექნოლოგიების წინსვლამ ახალ შესაძლებლობეთან ერთად, ახალი საფრთხეებიც გააჩინა. კიბერუსაფრთხოება დღეს ფუფუნება აღარ არის და ნებისმიერი "
"og:image": "https://app.connect.ge/static/media/202610152521-cover-geo-3.webp"
"og:image:alt": "ᲙᲘᲑᲔᲠᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ: ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲝᲡ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲛᲐ ᲕᲔᲑᲡᲐᲘᲢᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲪᲐᲕᲐᲓ?"
"og:image:height": "261"
"og:image:width": "500"
"og:title": "ᲙᲘᲑᲔᲠᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ: ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲝᲡ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲛᲐ ᲕᲔᲑᲡᲐᲘᲢᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲪᲐᲕᲐᲓ?"

> Index of every page on this site: [llms.txt](https://connect.ge/llms.txt)

# ᲙᲘᲑᲔᲠᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ: ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲝᲡ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲛᲐ ᲕᲔᲑᲡᲐᲘᲢᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲪᲐᲕᲐᲓ?

ავტორი: ზურა თეგერაშვილი

გამოქვეყნდა

15.10.2026

წაკითხვის დრო

0 წუთის საკითხავი

ინტერნეტის განვითარებამ და ტექნოლოგიების წინსვლამ ახალ შესაძლებლობეთან ერთად, ახალი საფრთხეებიც გააჩინა. კიბერუსაფრთხოება დღეს ფუფუნება აღარ არის და ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზრუნავია.

როდესაც ინტერნეტმა მასობრივი გავრცელება დაიწყო, ვირუსები და ჰაკერებიც მაშინვე გამოჩნდნენ.  თავდაპირველად, მსგავსი პროგრამები ძირითადად ხუმრობის ან ენთუზიასტი პროგრამისტების მიერ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით იქმნებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც ინტერნეტში დიდმა ფულმა და კომერციულმა ინტერესებმა მოიყარა თავი, ჰაკერობა ორგანიზებულ და საკმაოდ შემოსავლიან კრიმინალურ ინდუსტრიად იქცა.

სტატისტიკა ნამდვილად დამაფიქრებელია. სხვადასხვა საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველდღიურად 30,000–ზე მეტი ვებსაიტი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი ხდება. უახლესი კვლევები კი აჩვენებს, რომ ინტერნეტ სივრცეში კიბერშეტევა საშუალოდ ყოველ 39 წამში ერთხელ ხორციელდება. დამწყები მეწარმეები ხშირად ფიქრობენ – "ჩემი ბიზნესი პატარაა, ჰაკერებს რატომ უნდა ვაინტერესებდე?" ეს ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში მითია, რადგან შეტევების უმეტესობა კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ არ არის მიმართული; ჰაკერები ავტომატიზებულ სკრიპტებსა და ბოტებს იყენებენ, რომლებიც დაუცველ ვებსაიტებს მთელ ინტერნეტში ეძებენ. მათთვის მთავარია "ღია კარი" იპოვონ, რომელსაც შემდგომში საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ.

![კიბერუსაფრთხოება](https://connect.ge/_ipx/w_920&q_100/https://app.connect.ge/static/media/202610152929-untitled-2-110.webp)

## ᲠᲘᲡᲒᲐᲜ ᲒᲘᲪᲐᲕᲗ? – ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲙᲘᲑᲔᲠᲨᲔᲢᲔᲕᲔᲑᲘ

ჩვენი დეველოპერული გუნდი ვებსაიტის შექმნისას არა მხოლოდ დიზაინსა და ფუნქციონალზე, არამედ უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებზე ზრუნავს. როდესაც საქმე დაცვას ეხება, ის რამდენიმე ძირითადი საფრთხე იკვეთება, რომელთა პრევენციაც ჩვენი გუნდის უპირველესი ამოცანაა:

**1. SQL Injection (SQLi) – ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲘ ᲩᲐᲒᲓᲔᲑᲐ**

ეს არის ერთ–ერთი ყველაზე საშიში და გავრცელებული შეტევა. SQL Injection მაშინ ხდება, როდესაც საიტზე არსებული ფორმებიდან (მაგალითად, საძიებო ველი ან ავტორიზაციის ფორმა) ჰაკერი პირდაპირ მონაცემთა ბაზაში გზავნის მავნე კოდს. თუ საიტი სათანადოდ არაა დაცული, თავდამსხმელს შეუძლია წაშალოს, შეცვალოს ან მთლიანად ჩამოტვირთოს თქვენი მონაცემთა ბაზა – მომხმარებლების პირადი ინფორმაცია, პაროლები და ფინანსური მონაცემები. ჩვენი დეველოპერები ამისგან საიტს სპეციალური დაცული მოთხოვნების (Prepared Statements) გამოყენებით იცავენ, რაც** **მავნე კოდის ბაზამდე მიღწევას გამორიცხავს!

**2. DDoS Attack – ᲡᲐᲘᲢᲘᲡ ᲮᲔᲚᲝᲕᲜᲣᲠᲘ ᲒᲐᲓᲐᲢᲕᲘᲠᲗᲕᲐ**

DDoS (Distributed Denial of Service) შეტევის მიზანი საიტის მუშაობის პარალიზებაა. ამ დროს ჰაკერი ათასობით ან მილიონობით ინფიცირებული კომპიუტერიდან (ბოტნეტიდან) ერთდროულად უამრავ მოთხოვნას აგზავნის თქვენს ვებსაიტზე. სერვერი ამხელა ნაკადს ვეღარ უძლებს და ითიშება. ბიზნესისთვის კი ეს დაკარგულ მომხმარებელს, გაჩერებულ გაყიდვებს და შელახულ რეპუტაციას ნიშნავს. DDoS–ისგან დასაცავად აუცილებელია სპეციალური ფილტრებისა და სერვისების (მაგალითად, Cloudflare) ინტეგრაცია, რომლებიც მავნე ტრაფიკს საიტამდე მიღწევამდე ბლოკავენ.

**3. XSS Attack – ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲖᲔ ᲜᲐᲓᲘᲠᲝᲑᲐ**

XSS (Cross-Site Scripting) შეტევის დროს ჰაკერი ვებსაიტზე (მაგალითად, კომენტარების ველში) მავნე სკრიპტს ტოვებს. როდესაც სხვა, ნამდვილი მომხმარებელი ამ გვერდზე შედის, სკრიპტი მის ბრაუზერში ეშვება და მის სესიას, ქუქი–ფაილებს (Cookies) ან სხვა პირად მონაცემებს იპარავს. ამ გზით თავდამსხმელს მომხმარებლის, ან უარეს შემთხვევაში, საიტის ადმინისტრატორის ანგარიშში შეუმჩნევლად შესვლაც კი შეუძლია. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია საიტზე შეყვანილი და გამოტანილი ყველა ინფორმაციის მკაცრი ფილტრაცია.

**4. CSRF – ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲘᲡ ᲒᲐᲧᲐᲚᲑᲔᲑᲐ**

CSRF (Cross-Site Request Forgery) ესაა მზაკვრული შეტევა, რომლის დროსაც ჰაკერი მომხმარებელს (რომელიც უკვე ავტორიზებულია თქვენს საიტზე) აიძულებს, თავისივე ნების საწინააღმდეგოდ, კონკრეტული მოქმედება შეასრულოს. მაგალითად, ჰაკერმა შეიძლება გამოგიგზავნოთ მეილზე საეჭვო ბმული; თუ მასზე გადახვალთ, პარალელურად და თქვენგან მალულად, თქვენს ანგარიშზე შეიძლება პაროლი შეიცვალოს ან ტრანზაქცია განხორციელდეს. ამისგან თავდასაცავად დეველოპერები ე.წ. "CSRF ტოკენებს" იყენებენ – უნიკალურ, დროებით კოდებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოქმედება ნამდვილად მომხმარებელმა მოითხოვა და არა მესამე მხარემ.

![დაცული ვებსაიტი](https://connect.ge/_ipx/w_920&q_100/https://app.connect.ge/static/media/202610153052-untitled-20.webp)

## ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝᲡ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲛᲐ ᲕᲔᲑᲡᲐᲘᲢᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲪᲐᲕᲐᲓ?

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური მხარე დეველოპერების პასუხისმგებლობაა, ბიზნესის მფლობელებსაც აქვთ თავიანთი როლი საიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში:

- **ᲡᲬᲝᲠᲘ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲨᲔᲠᲩᲔᲕᲐ:** უსაფრთხოება კოდის წერის პირველივე დღიდან იწყება. აუცილებელია ვებსაიტი პროფესიონალთა გუნდმა დაამზადოს, რომელსაც თანამედროვე კიბერსაფრთხეები კარგად ესმის, რადგან იაფფასიანი, გაურკვეველი წარმოშობის შაბლონებისა და პლაგინების გამოყენება საიტს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს.
- [**ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝ ᲰᲝᲡᲢᲘᲜᲒᲘ**](https://connect.ge/ge/services/10-web-hosting)** ᲓᲐ SSL ᲡᲔᲠᲗᲘᲤᲘᲙᲐᲢᲘ:** არ დაზოგოთ თანხა ხარისხიან სერვერზე. აუცილებელია, რომ საიტს SSL სერტიფიკატი (მისამართი უნდა იწყებოდეს HTTPS–ით) ჰქონდეს, რათა თქვენსა და მომხმარებელს შორის გაცვლილი ინფორმაცია დაშიფრული იყოს.
- **ᲠᲗᲣᲚᲘ ᲞᲐᲠᲝᲚᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲕᲓᲝᲛᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ:** ხშირად საიტის გატეხვა არა რთული პროგრამული გზით, არამედ მარტივი პაროლის გამოცნობით ხდება. გამოიყენეთ რთული პაროლები და ორფაქტორიანი ავტორიზაცია. ასევე, აკონტროლეთ, ვის აქვს წვდომა ადმინისტრატორის პანელზე – მაგალითად, ყოფილ თანამშრომლებს ადმინისტრატორზე წვდომა დაუყოვნებლივ უნდა გაუუქმოთ ხოლმე.
- **ᲠᲔᲒᲣᲚᲐᲠᲣᲚᲘ ᲡᲐᲠᲔᲖᲔᲠᲕᲝ ᲐᲡᲚᲔᲑᲘ (Backups):** საუკეთესო დაცვის პირობებშიც კი, ფორსმაჟორი ყოველთვის დასაშვებია. აუცილებელია, რომ ბიზნესს ვებსაიტისა და მონაცემთა ბაზის ავტომატური, ყოველდღიური სარეზერვო ასლები ჰქონდეს, რათა ნებისმიერი პრობლემის დროს საიტის აღდგენა უმოკლეს დროში მოხდეს.
- **ᲛᲣᲓᲛᲘᲕᲘ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ:** ვებსაიტი არ არის ერთჯერადი პროდუქტი. ტექნოლოგიები იცვლება და მასთან ერთად ჰაკერებიც ვითარდებიან. საიტის ძრავის, მოდულებისა და სერვერის პროგრამული უზრუნველყოფის მუდმივი განახლება აუცილებელია.

![უსაფრთხო ჰოსტინგი](https://connect.ge/_ipx/w_920&q_100/https://app.connect.ge/static/media/202610153210-untitled-20-01.webp)

კიბერუსაფრთხოება პროცესია და არა ერთჯერადი ქმედება. მომხმარებელთა ნდობის მოპოვება წლებს მოითხოვს, მის დასაკარგად კი ერთი წარმატებული კიბერშეტევაც საკმარისია. სწორედ ამიტომ, **საიტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ბიზნესის განვითარების ფუნდამენტური ნაწილი უნდა იყოს!**

თუ თქვენი კომპანიისთვის ვებსაიტის დამზადება გადაწყვიტეთ, ან არსებული ვებგვერდისთვის სანდო მხარდაჭერის გუნდს ეძებთ, დაათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო, შეაფასეთ ნამშევრები და  [მოგვწერეთ](https://connect.ge/ge/contact-us) ან დაგვიკავშირდით ნომერზე 📞 **032 2 47 07 70**

## სხვა ბლოგები

[იხილეთ ყველა](https://connect.ge/ge/blog)

[19.11.2026
ᲕᲘᲖᲘᲢᲝᲠᲘᲓᲐᲜ ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲐᲛᲓᲔ – ᲠᲐ ᲥᲛᲜᲘᲡ ᲛᲐᲦᲐᲚ ᲙᲝᲜᲕᲔᲠᲡᲘᲐᲡ?
ციფრულ კომერციაში “კონვერსია” ვიზიტორის მიერ თქვენთვის სასურველი, კონკრეტული ქმედების განხორციელებას გულისხმობს – იქნება ეს პროდუქტის შეძენა, საკონტაქტო ფორმის შევსება, ზარის განხორციელება, სიახლეების გამოწერა თუ შეფასების დატოვება. სწორედ კონვერსიის მაჩვენებელი განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად მუშაობს თქვენი ციფრული პლატფორმა და რეალურად მოაქვს თუ არა მას შემოსავალი.](https://connect.ge/ge/blog/464-vizitoridan-momkhmareblamde-ra-qmnis-maghal-konversias)

[10.11.2026
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲘᲪᲕᲐᲚᲐ ᲕᲔᲑᲡᲐᲘᲢᲘᲡ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘ ᲑᲝᲚᲝ 20 ᲬᲚᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ?
ბოლო 20 წლის განმავლობაში ინტერნეტმა რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადა. შეიცვალა არა მხოლოდ კოდის წერის სტანდარტები და ვიზუალური ტრენდები, არამედ თავად მომხმარებლის აღქმა და მოთხოვნები. დეტალურად გადავავლოთ თვალი, თუ რა გზა გაიარა ვებდიზაინმა 2000-იანი წლების მძიმე, გადატვირთული გვერდებიდან თანამედროვე, მომხმარებლის გამოცდილებაზე (UX) ორიენტირებულ ეკოსისტემებამდე.](https://connect.ge/ge/blog/462-rogor-sheitsvala-vebsaitis-dizaini-bolo-20-tslis-ganmavlobashi)

[05.11.2026
ᲠᲝᲓᲘᲡ ᲡᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲡ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲕᲘᲠᲢᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲔᲠᲕᲔᲠᲘ?
რა ფუნდამენტური განსხვავებაა საზიარო ჰოსტინგსა და VPS-ს შორის, რა ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს პლატფორმას მეტი სიმძლავრე სჭირდება და როგორ უნდა მიიღოთ ბიზნესისთვის ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება.](https://connect.ge/ge/blog/461-rodis-schirdeba-bizness-sakutari-virtyaluri-serveri)

[29.10.2026
ᲘᲐᲤᲘ ᲰᲝᲡᲢᲘᲜᲒᲘ
ციფრულ ეკოსისტემაში ნებისმიერი ბიზნესის წარმატება გამართულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე დგას. როდესაც კომპანია ახალი ვებგვერდის გაშვებას გეგმავს, ბიუჯეტის სწორად განაწილება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამ დროს ჩნდება კითხვა – რამდენად გამართლებულია იაფი ჰოსტინგი და ეს ავტომატურად დაბალ ხარისხს ხომ არ ნიშნავს?](https://connect.ge/ge/blog/460-iafi-hostingi)

[22.10.2026
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲘᲥᲛᲜᲔᲑᲐ ᲕᲔᲑᲡᲐᲘᲢᲘ?
ბიზნესის წარმატება გამართული ონლაინ პლატფორმის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. როდესაც მომხმარებელი თქვენს ბრენდს საძიებო სისტემაში მოძებნის, პირველი შთაბეჭდილება სწორედ ვებსაიტით უნდა შეექმნას...](https://connect.ge/ge/blog/440-rogor-iqmneba-vebsaiti)

[08.10.2026
ᲠᲐ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲕᲔᲑᲡᲐᲘᲢᲘᲡ ᲒᲐᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ?
როდესაც თვეების განმავლობაში მიმდინარე სამუშაო პროცესი სრულდება, პროექტი ოფიციალურად ეშვება და ვებსაიტის მისამართი ინტერნეტში პირველად იძებნება, ალბათ, ნებისმიერი კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და სასიამოვნო მომენტია.](https://connect.ge/ge/blog/438-ra-khdeba-vebsaitis-gashvebis-shemdeg)

[01.10.2026
ᲓᲝᲛᲔᲜᲘᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲐ: ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲓᲔᲢᲐᲚᲘ ᲗᲣ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲣᲚᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ?
ხშირად ისმის კითხვა – დომენი უბრალოდ ტექნიკური დეტალია, რომელიც საიტის გასაშვებად გვჭირდება, თუ ის ბრენდის სტრატეგიული არჩევანია? პასუხი ცალსახაა: დომენი თქვენი ბრენდის ციფრული იდენტობის ფუნდამენტია და მისი სწორად შერჩევა კომპანიის იმიჯზე, მომხმარებლის ნდობასა და სამომავლო წარმატებაზე პირდაპირ აისახება.](https://connect.ge/ge/blog/437-domenis-archeva-teqnikuri-detali-tu-brendis-strategiuli-archevani)

[24.09.2026
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲐᲠᲢᲘᲕᲘ ᲕᲔᲑᲡᲐᲘᲢᲘ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲐ ᲛᲪᲘᲠᲔ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲘᲡᲗᲕᲘᲡ?
მცირე ბიზნესის მართვა მუდმივ გამოწვევებთან და შეზღუდული რესურსების სწორად განაწილებასთანაა დაკავშირებული. ახალი პროდუქტით ან სერვისით ბაზარზე შესვლისას ყოველ დახარჯულ თეთრ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხშირად მეწარმეები ფიქრობენ, რომ ინტერნეტში პოზიციონირებისთვის აუცილებელია ურთულესი, მრავალფუნქციური პლატფორმის შექმნა. თუმცა, დამწყები კომპანიებისთვის მოქნილობა და სისწრაფე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.](https://connect.ge/ge/blog/436-ratom-aris-martivi-vebsaiti-sauketeso-gadatsyveta-mtsire-biznesistvis)

[18.09.2026
ᲛᲖᲐ ᲕᲔᲑᲡᲐᲘᲢᲘ – ᲡᲬᲠᲐᲤᲘ ᲓᲐ ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲡᲢᲐᲠᲢᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ონლაინ სივრცეში აქტიურობა უმნიშვნელოვანესია. თუმცა ბევრი დამწყები კომპანიისთვის თუ მცირე ბიზნესისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმა დიდ ფინანსებთან და თვეობით ლოდინთან ასოცირდება...](https://connect.ge/ge/blog/435-mza-vebsaiti)

[01.09.2026
ᲑᲠᲔᲜᲓᲘᲡ ᲪᲜᲝᲑᲐᲓᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲑᲠᲔᲜᲓᲘᲡ ᲜᲓᲝᲑᲐ – ᲠᲐ ᲒᲐᲜᲡᲮᲕᲐᲕᲔᲑᲐᲐ ᲓᲐ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲕᲔᲑᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘ ᲓᲐ ᲪᲘᲤᲠᲣᲚᲘ ᲛᲐᲠᲙᲔᲢᲘᲜᲒᲘ ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲡ?
დღეს, როცა მომხმარებელს ყოველდღიურად ათასობით სარეკლამო გზავნილი ხვდება, მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის შექმნა წარმატების გარანტიას აღარ წარმოადგენს.](https://connect.ge/ge/blog/429-brand-awareness-and-brand-trust-whats-the-difference-and-how-web-design-and-digital-marketing-help-businesses)

## Sitemap

See the full [sitemap](https://connect.ge/sitemap.md) for all pages.