CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK
GEO

ანბანით მოყოლილი საქართველო - I ნაწილი



პროექტ „Georgia Made By Characters”- ზე მუშაობა საოცრად სენსიტიურ და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სრულიად „კონექტის“ გუნდისათვის . თითქმის 1 წლის მანძილზე თითოეული ჩვენგანის ფიქრი, ფანტაზია თუ ენერგია ამ პროექტის გარშემო ტრიალებდა. შედეგად, თავდაუზოგავმა შრომამ და ორიგინალურმა გადაწყვეტამ 2016 წელს მოგვაპოვებინა გამარჯვება კონკურსში, რომელიც ჩატარდა „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ მიერ. თუმცა „კონექტისა“ და ეროვნული ცენტრის ურთიერთობა მხოლოდ კონკურსით არ შემოიფარგლა და 2018 წელს ფრანქფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე სწორედ პროექტ „Georgia Made By Characters”- ის გარშემო აგებული კონცეფციით წარდგა საქართველო, როგორც იმავე წლის მასპინძელი ქვეყანა.

კონექტი ექსკლუზიურად გთავაზობთ აკა მორჩილაძის ტექსტებს, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მის გასაცნობად მაინც ღრმად ჩასუნთქვაა საჭირო, იმიტომ, რომ საქართველომ ფეხაკრეფით შემობიჯება არ იცის, არამედ, ერთბაშად შემოვარდნა.

ეს შემოვარდნა ხმამაღალია, მხიარული, ძველი, ახალი, რაღაცნაირად ზრდილობიანი, რაღაცნაირად დამღლელი, საუკუნოვანი წესრიგით გამყარებული, რიგის დაუცველად უწესრიგო, მოუზომავი და დეტალური. ხრიოკი ჯავახეთიდან სერპანტინით გადახვალ სუბტროპიკულ აჭარაში, რომლის მცხუნვარე ზღვისპირიდან თოვლიანი მთები ჩანს, ღვინის ჭიქას და ცხელ პურს კი წამოჰყვება მიტინგების ხმები, სწორედ მაშინ, როცა სვანეთის მთებში კოშკებად ნაგები უშგული უცებ შეენაცვლება თბილისის ოპერასა და კაკლის ხის ჩრდილში მთვლემარე გლეხთა სიზმრებს.



საქართველოში არაფერი ისე არ ჰგავს საქართველოს, როგორც ქართული ანბანი. არაფერი ისე არ ეხამება ქართულ სიტყვას და ქართულ ხასიათს, როგორც ქართული ანბანი და არაფერი არაა ისე ქართული, როგორც ქართული ანბანი. რა თქმა უნდა, ჩვენ უამრავი რამ არ ვიცით ჩვენი ანბანის შესახებ და იმავდროულად, ვიცით უამრავი რამ. ქართული ანბანი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ ორიგინალურ დამწერლობათა შორის. ხოლო თავად ჩვენი ენა არ მიეკუთვნება არც ინდოევროპულ, არც სემიტურ ან სხვა ოჯახთა ენებს, ის მსოფლიოში გავრცელებულ ენათა შორის ქართველურ ენათა განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის და თავისი აგებულებით უნიკალურ ენობრივ სისტემას წარმოადგენს.



ქართული ანბანის 33 ასო-ნიშანი 33 კარია საქართველოს ოცდაცამეტი სურათისა და ხმისათვის, რომელთა გაცოცხლებაც სწორედ ჩვენი ანბანის ჯანდოსნური წყობითაა შესაძლებელი.




ა  - ანბანი

  - ბანი

გ - გეორგია

 - დმანისის ადამიანი

ე - ემოცია

ვ - ვნება

ზ - ზღვა

თ - თბილისი

ი - ისტორია

კ - კავკასიონი

- ლელო


 

ა - ანბანი

იოლი სათქმელია, მაგრამ დახლართულად წარმოსადგენი: საქართველომ შექმნა ქართული ანბანი და ქართულმა ანბანმა შექმნა საქართველო. ქართული ანბანი სამია: მრგვლოვანი, ნუსხური და მხედრული.

ეს სამობა საუკუნეთა განმავლობაში მრგვლოვანის განვითარების შედეგია. თანამედროვე ქართული ანბანი - მხედრულია. ის 33 ასო-ნიშნისგან შედგება და მხოლოდ ქართულია. ის მსოფლიოში არსებულ ანბანთა შორის ერთ-ერთი უძველესია. 2016 წელს იუნესკომ ქართული ანბანი კაცობრიობის არამატერიუალურ კულტურულ მემკვიდრობად აღიარა.

ქართული ანბანით ნაწერი უძველესი ნიმუშები ახ.წ. მეოთხე საუკუნეს განეკუთვნება. თუმცა, ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ქართული ანბანი გაცილებით ადრიდნელია.

ქართული ლიტერატურა მეხუთე საუკუნიდან დღემდე ქართულ ანბანზე იქმნებოდა და უწყვეტად ვითარდებოდა. საინტერესო კი ის არის, რომ თექვსმეტი საუკუნის წინანდელი ქართული ლიტერატურული ტექსტი დღევნადელი ქართველი მკითხველისთვისაც გასაგები და იოლად აღსაქმელია. ეს ფენომენი ჩვენი ენის ისტორიული ქსოვილის მთავარი ღერძია.

ქართულ ანაბანში ყოველი ბგერა ერთი ასოა და თუ უცხოელთათვის მისი მოხაზულობა ფენტეზის კლასიკური რომანიდან ამოღებულ, მოგონილ დამწერლობას ჰგავს, ქართველებისთვის ამ ანბნაზე ბუნებრივი და შესისხლხორცებული, არაფერია,

რადგან ეს ისაა, რაც მხოლოდ ქართულ ხმას აღბეჭდავს უხსოვარი დროიდან.


ბ - ბანი

ბანი სახლის სახურავს ჰქვია საქართველოში. მას არც კრამიტი აქვს, არც საწვიმარი დაქანება და არც სარკმელი. ბანი მიწით მოტკეპნილი ბრტყელი სახურავია, ერთგვარი ტერასა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ძალიან იყო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში, სოფლადაც და ქალაქადაც. არქიტექტურა ყოველთვის იყო საქართველოს ეროვნული მეხსიერების ერთ-ერთი საყრდენი. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი დიდი სავაჭრო გზების ერთ-ერთ განშტოებაზე მდებარე საქართველოს ისტორია მის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობებითაც შეიძლება იქნას მოთხრობილი. ბანიც ერთ-ერთი ამათგანია. აქეთ, ისლამური სამყარო, იქეთ ბიზანტია და, შუაში კიდევ საქართველო. საუკუნეთა განმავლობაში ქართული არქიტექტურა სრულად ასახავს ამ სამი მიმართულების ნაზავს. ევროპული არქიტექტურა

საქართველოში მეცხრამეტე საუკუნიდან გამოჩნდა და ამ ნაზავს ბუნებრივად, ქართული აქცენტით შეერწყა. იმისთვის, რომ კარგი ბანი გქონდეს, მის ქვეშ ხის რამდენიმე ფენა უნდა იყოს დაგებული - მორები, ლარტყები, ფიჩხი. საქართველოში, სადაც ყოველმა მეზობელმა იცის, თუ რა გქონდა დღეს სადილად, ბანი ურთიეთობათა განსაკუთრებული ფორმაა. კლიმატის გამო, ადმიანები წლის და დღის უმეტეს ნაწილს სწორედ ბანზე ატარებდბენ. ეს ურთიერთობათა ღიაობას განაპირობებდა. საქართველოში ნაწერსა და ნამღერზე არანაკლებ, არსებობის ხილული შეხსენება ქართული ნაგებობები იყო, რომლებიც ცხოვრების წესსა და კულტურას სიმტკიცეს მატებდა.

გ - გეორგია
ეს ის სიტყვაა, რომლითაც უცხოელები მოიხსენიებენ ქვეყანას, რომელიც საკუთარ თავს საქართველოს, ქართველების ქვეყანას ეძახის. თუ, ანტიკურობიდან მოყოლებული, კოლხეთი დასავლეთ საქართველოს აღნიშნავდა, იბერია კი, აღმოსავლეთ საქართველოს, გეორგია, თლიანად საქართველოს სახელი იყო. ამბობენ, რომ საუკუნეთა ბინდბუნდიდან მომავალი ეს სიტყვა, გულისხმობს ელინთა აღქმას, რომ ეს მიწათმოქედთა ქვეყანაა. ეგებ ეს სწორი აღქმა იყო, რისთვისაც ერთი გვიანდელი ქართველი მეფის ნათქვამიც საკმარისია: რა ამოწყდეს გლეხი კაცი, საქართველო დაძაბუნდეს. თუმცა, ასევე ამბობენ, რომ ამ სიტყვაში აღმოსავლური კვალიცაა. აგრეთვე, ცნობილია, რომ რომაელი მწერლები კავკასიის ხალხთა შორის გამოჰყოფდნენ ისევ და ისევ მიწათმოქმედ გეორგებს, გეორგელებს. ამის შემდეგ კი მოდის სხვა გეორგია, ქრისტიანული, სადაც ქვეყნის უსაყვარლეს, უპირველეს მფარველად, წმინდა გიორგი დგას. გიორგი უხშირესი სახელია საქართველოში და მრავალი კუთხით, ეს ქვეყანა მართლაც გეორგიაა, თუმცა, თავად ქართველები მხოლოდ უცხოელთან საუბრისას მოიხსენიებენ ასე თავიანთ ქვეყნას.


დ - დმანისის ადამიანი 


ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა, ძველი ქართული ქალაქის, დმანისის გათხრებისას აღმოაჩინეს ადამიანის შორეული წინაპრის ორი თავის ქალა. ეს თავის ქალები ასაბუთებს, რომ ადამიანის წინაპარი აფრიკიდან დაიძრა, მოვიდა სამხრეთ კავკასიაში და სწორედ აქედან დაიძრა ევროპის გულისკენ. სწორედ ამიტომ უწოდებენ მეცნიერები ამ ნაშთებს ევროპის უძველეს ადამიანებს. დმანისი უმაისოდაც გამორჩეული ადგილი იყო არქეოლოგებისთვის. აქაურობის შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო. 1991 წელს კი დმანისი სენსაციური აღმოჩენის ადგილად იქცა. აქ იპოვნეს უძველესი ჰომინიდის ქვედა ყბა. 2000 წელს, ყბას თავის ქალებიც მოჰყვა. ამ აღმოჩენას მსოფლიო მედიის დიდი ყურადღება მოყვა. სი-ენ-ენიდან ფიგარომდე, ყველა დმანისს მოაწყდა. აღმოჩენამ კი, მეცნიერებს საშუალება მისცა, დაკვირვებოდნენ 1,8 მილიონი წლის წინანდელ პოპულაციას. დღეს დმანისში უკვე ხუთი ასეთი თავის ქალაა აღმოჩენილი. ამ აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ დმანისური აღმოჩენა უძველსია მსოფლიოში, აფრიკის გარეთ ნაპოვნ ნიმუშებს შორის. ამათ შორის განსაკუთრებულია მრავლაფეროვნებით გამორჩეული დმანისელი ჰომო ერეკტუსის თავის ქალა. დმანისელი ჰომინიდი უფრო პრიმიტიულია, ვიდრე აფრიკის გარეთ, აზიაში ნაპოვნი ჰომო ერეკტუსი.



ე - ემოცია 


ემოცია ქართული სიტყვა არ არის, მაგრამ ქართველები ემოციური ხალხია. ქართველები მკვეთრი მოძრაობის, შესამჩნევი ჟესტიკულაციის, ემოციას მიდევნებული ხალხია. ამიტომ, უბრალო ყოფითი ეპიზოდიც კი მათი მონაწილეობით, შესაძლოა დასამახსოვრებელ სურათად იქცეს. ქართველები თეატრალურ ერადაც ითვლებიან, მათთვის მოქმედება, ქცევა არასდროს არის უბრალოდ ქცევა, ის აუცილებლად ერთგვარ სიმკვეთრესთან და კმაყოფილებასთან უნდა იყოს დაკავშირებული და იმავდროულად ფერადოვანიც ჩანდეს. საქართველო პოეზის ქვეყანაა. წარსულ სუკუნეებში ხუმრობდნენ ხოლმე, ქართველს რომანის წერას ლექსის წერა ურჩევნია, ის სწრაფია, ემოციური, ღია, პირდაპირი, უფრო ხილულად გამოხატავს ადამიანის განცდასო. ავია, თუ კარგი, ემოცია ამ ქვეყანაში ხელისგულზე დევს. სხვანაირად, ალბათ ვერც იქნებოდა, აქ ხომ ყველაფერი ძალიან ახლოა ერთმანეთთან.


ვ - ვნება 


ვნება ისაა, რაც ქართველებს უცნაურად აამოძრავებს ხოლმე. იგი ძლიერი, ჯიუტი და უტეხია. საქართველოში მოხუც გლეხს აქვს ვნება, რომ მაინცდამიანც იმ ჯიშის ნერგი იპოვნოს, რომლის ნაყოფსაც თვითონ ვერ მოესწრება, მაგრამ შთამომავლებს მის მოსაგონებლად დაურჩებათ. საქართველოში მხატვარს აქვს ვნება, რომ გაქანებული სამოქალაქო ომის დროს, სიბნელეში, სიცივესა და შიმშილში, იღბლად ნაშოვნი სანთლის შუქზე ხატოს და ქმნას თავისი სამყარო, რომელიც ეგებ საერთოდ შეუმჩნეველი დარჩეს. საქართველოში მძღოლს აქვს ვნება, მგზავრი დანიშნულების ადგილის ნაცვლად თავის სახლში მიიყვანოს და ღვინო შესთავაზოს, რადგან მასთან საუბარი მოეწონა. საქართველოში აქვთ ვნება, საკუთარი საქციელით კმაყოფილნი იყვნენ, სხვები კი გაოცებულები დატოვონ. აქ აქვთ ვნება, ცხოვრება თეატრად აქციონ, თეატრი კი ცხოვრებად და მრავალი სხვა ათასი და ათიათასი ვნება. მთავარი ვნება კი ერთია - ეს ყველაფერი, ლამაზი იყოს.


ზ - ზღვა 


საქართველო ზღვის ქვეყანაა. საქართველოს დასავლეთი, ძველი კოლხეთი მთლიანად ეკვრის შავ ზღვას. ქართველები შავი ზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობაა. აღარსადაა ქართველების ოდინდელი ამ ზღვის მონაპირე მეზობლები, რომელთა სამეფოებიც ისტორიამ შთანთქა. საქართველო კი როგორღაც შერჩა ამ ზღვის პირს. სხვა საქმეა, რომ ქართველებისთვის ზღვისპირელობა უფრო ხიფათი იყო, ვიდრე უსაფრთხოება. ისტორიული ქარტეხილი იმასაც გვეუბნება, რომ კოლუმბმა სწორედ მას შემდეგ გაცურა ინდოეთისკენ, როცა ოტომანებმა შავი ზღვის მსოფლიოსთან მაერთებელი ბოსფორი ჩაკეტეს. ამან კი შავი ზღვა საქართველოსთვის ტბად აქცია. ამ ხუმრობის მიღმა კი, საქართველოსთვის ზღვა ძვირფასიცაა და მაგიურად მძიმეც, რადგან ის ხშირად იქცეოდა ხოლმე გაუვალ ხერგილად ევროპისკენ სავალ გზაზე. მავდროულად კი რჩებოდა ერთადერთ გზად, რომელიც ამ ქვეყანას ევროპასთან აკავშირებდა.


თ - თბილისი 


თბილისი საქართველოს დედაქალაქია. თხუთმეტი საუკუნის წინ, მეფე ვახტანგ გორგასალმა მონადირებული ხოხობი თბილი წყლის ნაკდაულში იპოვნა. იმ ადგილას ახლა თბილისის საუკუნო გოგირდის აბანოები დგას. წყალი კვლავ მოედინება, განბანვის მსურველი კვლავ ბევრია. „თბილი“ ქართულად თბილს ნიშნავს. ქალაქის სახელიც აქედანაა. საუკუნეთა განმავლობაში ის უბრალო სამხედრო ფორტიც ყოფილა და მდიდარი საქარავნო ქალაქიც. თბილისი ისტორიულად ნაწვალებია, მრავლგზის გადამწვარი, დაპყრობილი და მოსახლეობა
ამოჟლეტილი. საკვირველიც კია, რატომ იმეორებდნენ მოგზაურები მისი მისამართით ორ, თითქოს შეუფერებელ სიტყვას - სახლი სიხარულისა. ალბათ თბილისის სიხარულობის ერთ-ერთი უხილავი საყრდენი ისიც იყო, რომ ავად თუ კარგად მყოფი, ის ყოველთვის რჩებოდა მთელი კავკასიის შუაგულად, შემკვრელ, მაკავშირებელ ქალაქად. ამავდროულად, აღმოსავლეთისთვის ის დასავლეთი იყო, დასავლეთისთვის კი აღმოსავლეთი, რამაც თბილისში კულტურათა მომხიბვლელი ნაზავი შექმნა და ქარავანთაგან დატოვებული სპარუსლი ჩალმა
ჯვაროსნულ მუზარადს შემოახვია, გვერდიგვერდ დალოცვის საშუალება მისცა მუსლიმს, იუდეველს და ქრისტიანს. ალბათ ამიტომაცაა ის მაინც სულ ცოცხალი, ფერადი, ემოციური და მოუხელთებლად ვნებიანია, მაინც
მელოდიითა და რბილი რომანტიკით სავსე.

ი - ისტორია 


რა აქვს საქართველოს და ისტორია, უსასრულო და დახლართული. როგორც ყოველი ძველი და პატარა ქვეყნის ისტორია, ეს ისტორიაც საკამოდ მძიმეა. მისი საწყისი კი არის ძალიან შორს, ქრისტემდელ წინაქართველურ სახელმწიფოებში, სადაც, რა თქმა უნდა, ამოტივტივდება სახელები, უძველესი კოლხასი და დიაოხისა, მარად ცოცხალი კულტურებისა. დასავლეთის სამყარომ კი საქართველო უთუოდ გაიცნო არგონავეტების მითით, რაც ქართული ისტორიისთვის ნამდვილად არ არის უძველესი დროება. საქართველოს ისტორიის მთელი უგრძესი ჯაჭვი არის სურათი, სადღაც სამუდამოდ დამკვიდრებული ხალხის ხანგრძლივი ბრძოლა ამ სამკვიდროს დაცვისათვის: პარალელურად კი, ცხოვრება, ქმნა, შენება, წერა, ოცნება. უდიდეს იმპერიათა პატარა სამიზნე, ეს იყო საქართველო და ხდებოდა ხოლმე, რომ ეს ქვეყანა
დაიძვრენდა თავს, გათავისუფლდებოდა, სულს მოითქვამდა და მშვიდობა და თავსუფლება ქმნიდა დიდ საქართველოს, ისეთს, როგორიც იყო მეთორმეტე საუკუნის, ოქროს ხანის სამეფო. ქართული რენესანსის დროება, გაჯერებული მაღალი ხელოვნებით და მეფე ქალის-თამარის შარავნადედით, ქვეყანა მოპოვებული დავით აღმაშენებლის მძიმე შრომითა და ბრძოლებით. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, ახალ დროებაში დაგვირგივნდა 1918 წლის პირველი რესპუბლიკით, რომელიც დაშლილი რუსეთის იმპერიისგან თავდახსნილმა საქართველომ გამოაცხადა. ეს თავისუფლება სამ წელიწადში ჩაყლაპა წითელმა რუსეთმა და მეოცე საუკუნის ბოლოს საქართველო კიდევ ერთხელ შედგა თავსუფლების გზაზე. ისტორია კი, რა თქმა უნდა, გრძელდება.


კ - კავკასიონი 


მშვენიერია ორ ზღვას შუა კავკასიის ხედი, წერს ქართველი პოეტი. კავკასიონი თითქმის 1500 კილომეტრის სიგრძის შთამბეჭდავი მთაგრეხილია, რომელიც კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდეა გადაჭიმული და მთლიანად ეფარება სამხრეთ კავკასიას ჩრდილოეთიდან.
კავკასიონი როგორღაც გვეუბნება, რომ მის ძირას მდებარე, მის კალთებზე შეფენილი საქართველო, კავკასიის გულია. ამ მთაგრეხილის თოვლიანი მწევერვალების უსასრული წყება საქართველოს ტრადიციული ხედია. ქვეყნის სულ სხვადასხვა ადგილას მყოფი გრძნობ ნისლში გახვეული კავკასიონის იქვე, სულ ახლოს ყოფნას. თუ გადაიკარები და კავკასიონი ყოველთვის აქვეა, როგორც მარადიულობის ჩუმი და უკიდეგანო ძეგლი. მისი კალთები ყოველი მხრიდან დახუნძლულია ენებით, კულტურებით, რელიგიებით, რომლებიც დრომ
გვარიანად ტანჯა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ დაამარცხა. ეს მთაგრეხილი არამხოლოდ გეოგრაფიაა, არამედ ცოცხალი ისტორიაც, რომელიც ძნელად, მაგრამ მაინც ებმის დღევანდელობას. კავკასიონი დიდი თავგადასავლების ნამდვილი ადგილიცაა. მოგზაურთათვის ის უსასრულო აღმოჩენათა და შეგრძნებათა გრძელი გრეხილია, ხუთიათასიან მწვერვალთა სამყარო, სადაც ადამიანი თავსაც ცდის და ბუნებასაც.


ლ - ლელო 


ლელო ძველისძველი საბურთაო თამაშია. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარსულში მოიძებნება ისეთი შეჯიბრი, ორ გუნდად გაყოფილი ქალაქი, თუ სოფელი, რომ ერთ დიდ, მძიმე ბურთს დანიშნულ ადგილამდე მიტანას ცდილობს. სხვაობა, ალბათ იმაშია, რომ საქართველოში ლელოს კვლავ თამაშობენ დიდი გულითა და თავგანწირვით, მეტყველებაში კი დამკვირდებულია სიტყვათშეთანხმება ლელოს გატანა, რაც ოფლითა და ჭაპანწყვეტით დასახული მიზნის მიღწევას გულისხმოს. უკიდეგანო ემოცია, ერთი შეხედვით, უმიზნო სიმამაცე, ერთობა, სიცოცხლის და გამარჯვების ჟინი, ლელოში რომ ცოცხლობს, სპორტულად ახლა რაგბშია გამოხატული, თუმცა, ლელოს არსი დიდად სცდება, სპორტულ მნიშვნელობას და ადამიანის არქაული სილამაზის ერთ-ერთ გამოვლინებად რჩება. ამ თამაშის ძირი წარმართულ კულტურაში ძევს, მძიმე, სანუკვარი ბურთი, სხვა არაფერია, თუ არა მზე, რომლის მოპოვება და შენს სამკვიდროზე მიტანა, სიცოცხლის აუცილებელი პირობაა. გასაკვირიც არაა, რომ ლელოს გასატანად ყველაფერი უნდა გაიღო.


ტექსტის ავტორი: აკა მორჩილაძე
პროდუსერი და არტ დირექტორი: დავით რიკიაშვილი
კრეატიული ჯგუფი: ელენე ჭავჭანიძე, თორნიკე ბოკუჩავა, თაკო ჩხაიძე, ეთო გზირიშვილი, ანი ასათიანი, ნესტან ნიჟარაძე, ლიზა ასათიანი, თეა გოროზია, ზურა ჯიშკარიანი
გრაფიკული დიზაინი: გიორგი ბოხუა, თამარ ჭაბუკიანი
პროექტის მენეჯერი: ელენე ჭავჭანიძე
სტრატეგიული მენიჯერი: მარიამ ფერიშვილი
მედია მარკეტერი: ანი ყურაშვილი
ტექნიკური დირექტორი: სანდრო ოტიაშვილი