ქართული ანბანი მწერლობის ძველი, გამოცდილი, მოქნილი, ლამაზი იარაღია: უხსოვარი დროიდან დაჩვეულია ხასიათების ძერწვას, ლექსთა წყობას, ისტორიის თხრობას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს არსებობის სამუდამო შენახვას, მისი გულის გადაშლას, სიხარულის და დარდების უკვდავყოფას.
ყოველივე ამის შემკვრელი და გამაერთიანებელი, სწორედ ისაა, რაც საქართველოს მარადისობის მთავარ სიმბოლოდ წარმოგვიდგება - ქართული დამწერლობა - 33 ასო-ნიშანი, რომელმაც ამდენი საუკუნე გამოატარა საქართველო და მის შემკვრელად, მისი მრავალფეროვნების მთავარ გამაერთიანებლად წარმოდგა.
ღ - ღია
ყ - ყინწვისის ანგელოზი
შ - შერეკილები
ჩ - ჩაკრულო
ც - ცდა
ძ - ძაფი
წ - წყალი
ჭ - ჭარბი
ხ - ხორუმი
ჯ - ჯინსების თაობა
ჰ - #Georgia
ღია საზოგადოება, ღია სამყარო, ღია ურთიერთობები. ეს ისაა, რაც საქართველოს თითქოს მეტი მოეთხოვება დღევანდელ სამყაროში. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკოსები მეტი სიღიავისკენ მოუწოდებენ დახურულ საბჭოთა სისტემაში სამოცდაათ წელიწადს ნაწვალებ ქვეყანას, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგაც არ მისცემია საშუალება, რომ მეტ-ნაკლებად მაინც ჩაბმულიყო დასავლური სამყაროს ცხოვრებაში.
საქართველო კი ყოველთვის ღია იყო უცხო კულტურებისთვის, უცხო ხალხისთვის, უცხო ფიქრისთვის. ამას მოწმობს მისი ცხოვრების ლამის ყოველი სფერო.
თუ საქართველოში კარი ღიაა, ის ბოლომდეა ღია. ეს ნიშნავს, რომ გულიც ღიაა. უცხოელთაგან აღნიშნული ქართველთა სტუმართ-მოყვარეობა, აქ ყოფის ნაწილია და რაიმე განსაკუთრებულ თვისებად არ აღიქმება. უფრო წესად, რომლის დასაწყისიც აღარავის ახსოვს.
მოგზაურს ყოველთვის შეეძლო, ნებისმიერ კართან შეჩერებულიყო და დაეძახა: მასპინძელო! და იქ სასტურმოც იყო და ადგილიც, სადაც თბილა და სინათლეა.
ეგებ საკვირველია, მაგრამ ეს ახლაც ასეა.
ყინწვისი ძველისძველი ადგილია საქართველოს გულისგულში, არქაულობით მსუნთქავ სიჩუმეში.
საქართველო ძველ ტაძართა, საუკუნო ომებსა და შფოთს სასწაულებრივად გადარჩენილი საეკლესიო არქიტექტურის ქვეყანაა. ამ ქვეყანაში იშვიათია დაუვიწყარი პეიზაჟი ძველისძველი ტაძრის გარეშე, იმ განსაკუთრებული ხიბლის გარეშე ძველ ქართველ არქიტექტორთა ხელმა რომ შექმნა დიდ წვალებასა და არეულობას შორის ჩამოვარდნილ მშვიდობის დღეებში.
ქართული ქრისტიანული არქიტექტურა მეხუთე საუკუნიდან მოკიდებული ფართოდ იყენებდა მსოფლიოში გავრცელებულ არქიტექტურულ ფორმებსა და ხერხებს, თან კი ორიგინალურ ხუროთმოძღვრულ კომპოზიებსაც ქმნიდა. აქვე იყო კედლის მხატვრობაც, მონუმენტური, მძლავრი ხელოვნება, რომელმაც ერთგვარად დაწერა კიდეც საქართველოს სულიერი და საერო ისტორია. ბიბლიურ სიუჟეტებთან ერთად, ქართულ ფრესკებზე აღბეჭდილია მეფეთა, დიდებულთა გამოსახულებები.
თავისთავადი ხუროთმოძღვრული ტიპები, ენა, რომლითაც ქართველები თხრობდნენ საეკლესიო, თუ საერო ისტორიას შთამბეჭდავია ყველგან, სადაც კი ქართული ტაძარი დგას: აფხაზეთში, ტაო-კლარჯეთში, შიდა ქართლში. ბოლნისის სიონი (მე-5 ს.), მცხეთის ჯვარი (მე-6-მე-7. სს), ოშკი (10-ე ს.) ბიჭვინთა (10-ე ს.), ილორი (11-ე ს.), სვეტიცხოველი (11-ე ს.) ბაგრატი (11-ე ს.), საფარა (13-ე ს.), ზარზმა (14-ე ს.), ანანური (16-ე ს.) სწორედ ამის მაგალითებია.
ყინწვისის მონასტრის 13-ე საუკუნის ტაძარი ასევე მოხატულია და იქ შემორჩენილია დიადი მეფე ქალის, თამარის ოთხთაგან ერთ-ერთი გამოსახულება. ეს საკმარისი იქნებოდა, რომ მონასტერი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ნიშნულად ქცეულიყო, თუმცა იქ არის სხვა რამ, უფრო დიდიც, დიადიც და მარადიულიც.
ესაა ფრესკა, რომელსაც უბრალოდ ყინწვისის ანგელოზს უწოდებენ. უცნობი შემოქმედის ნაწერი აღდგომის ანგელოზი თითქოს მართლაც უწონო, მშვიდი, დიდებული, ძალმოსილი და უბრალოა. თითქოს ისაა საუკუნეთა ხიფათში გახლართული ტრაგიკული საქართველოს ოცნება ჰარმონიაზე: საოცნებო ნიშნული, რომელსაც ქვეყანა ესწრაფვოდა.
თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ, ქართველმა მწერალმა რეზო გაბრიაძემ დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ საგიჟეთში მოხვედრილმა ექსცენტრიულმა ფიზიკოსმა და შეყვარებულმა გლეხის ბიჭმა, ჟიულ ვერნის ოცნებებამდე ბევრად ადრე როგორ ააგეს ცათმფრენი და როგორ აიჭრენ ცაში. სამწუხაროდ, მათი ცათმფრენი მიწაზე ვეღარ დაეშვა და ოცნება ცას შეერია, სადაც გამომგონებლებს ანგელოზები შეეგებნენ.
წიგნის მიხედვით შესანიშნავი ფილმი გადაიღეს. სევდანარევი ტრაგი-კომიკურობით გაჯერებული დიალოგები საქართველოში პოპულარულ ფრაზებად და სლოგანებად გავრცელდა.
ძნელია ამატირო, მაგრამ ქართული კინო კი მატირებს ხოლმეო, თქვა ერთხელ ფედერიკო ფელინიმ. ფილოსოფიური, ძალიან ჭკვიანური, ფერადოვანი, იმავდორულად კი ბავშური, სრულიად უნიკალური ფენომენიაო.
ქართული კინო ფესტივალების გმირი ყოფილა კანიდან სიეტლამდე, მაგრამ უპირველსად ის არის საქართველოს მხატვრული იერი, მისი დგომი, მისი ინტონაცია, ფიქრი, მისი სასურველი მდგომარეობა. ქართული კინო ყოველთვის განასახიერებს საქართველოს. საბჭოთა წნეხის, ცენზურის, სამოქალქო ქაოსის თუ სხვა ათასის მიუხედავად, ის ყოვლეთვის იყო მშვენიერი ხელოვნება.
მისი ერთ-ერთი ტრადიცია ლიტერატურასთან მჭიდრო თანამშრომლობაა. ვერ იტყვი, რომ ქართული კინო ეკრანიზაციის კინოა, ის უფრო გადააზრების დიდოსტატობაა.
შერეკილებიც ამის შედეგია. წიგნის და მერე ფილმის სათაურში გაცოცხლებული სიტყვა კი ნიშნავს სააზროვნო ნორმიდან პოზიტიურად გადახრილ ადამიანს.
ერთი ქართული დამოკიდებულება შეიძლება ასეც ჟღერდეს: ჩვენ კოსმოსური ხომალდები არ გვიშენებია და არც კოსმონავტები გყვავს. არც, საგალაქტიკო საკითხებზე გვიფიქრია, მაგრამ მაინც ვართ კოსმოსში. თუნდაც იმიტომ, რომ 1977 წელს, როცა ნასამ გალაქტიკაში დედამიწის ხმების გაგზავნა გადაწყვიტა და გაგზავნა კიდეც, სამყაროს ერთ-ერთ მთავარ ხმად ქართული მრავალხმიანი ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“ აირჩია.
საქართველო უნიკალური მუსიკალური კულტურის ქვეყანაა, ქართველები მღერიან მრავალხმიანად, უძველეს, ფილიგრანულად დამუშავებულ სიმღერებს. პოლიფონიური სიმღერა ამ ქვეყნის უპირველესი ხმაა მსოფლიოში. ქართული მუსიკალური კულტურა იუნესკომ "მსოფლიოს არამატერიალური, სულიერი საგანძურის შედევრად" გამოცხადდა 2001 წელს.
არავინ იცის, რა იქნებოდა საქართველო, სიმღერა რომ არ არსებულიყო. თითქოს ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ამ ქვეყნის სულს საყრდენი არასდროს შერყეოდა.
ჩაკრულო კი ერთად შეკრებილ, გასაჭირის წინაშე მდგომ უბრალო ადამიანთა სიმღერაა; ხმლის იმედით, მოსალოდნელი ხიფათით, ერთგვარი გამოუვალობით, მაგრამ ძალმოსილების გრძნობით სავსე ჰარმონია, მოთხრობილი ხმათა იმგვარი ერთობით, გამარჯვების აშკარა საყრდენს რომ შეიცავს.
კოსმოსურ ფოსტაში რომც არ მოხვედრილიყო, ქართული სიმღერა მაინც კოსმოსში იქნებოდა, რადგან როგორც ქართველები იტყვიან ხოლმე, ჩვენი სიმღერა ცასა სწვდება.
საქართველო ცდის ქვეყანაა.
ის დღესაც ცდაა.
მისი ისტორია ცდათა თითქმის უწყვეტი ჯაჭვია. თითქოს იმიტომ, რომ ხდებოდა ხოლმე, რომ საქართველოს ცდის თავიც არ ჰქონდა. საქართველოს მარადი ცდა ამ წყვეტა-აღდგენების დროს იყო უკეთეს სამყაროს მიწვდომა. უკეთეს სამყაროდ საქართველოს ევროპა მიაჩნდა.
რამდენი ეპოქაა საქართველოს უკეთესი შვილები, იმ მღელვარე ზღვის როგორღაც გადალახვით, ტყვეობით, წვალებით და სიდუხჭირით, მაიღწევდნენ ხოლმე ევროპის სამეფო კარებს.
ცდა ცდად რჩებოდა.
საქართველო დღესაც ცდილობს. ის ცდილობს ისე, როგორც ყოველთვის. ცდილობს, რათა მოხვდეს იქ, სადაც ყოველთვის სურდა, რომ ყოფილიყო. ამ ცდებში საქართველო უწყვეტი რეფორმების და ამ რეფორმების კენწეროში მდგომი ერთადერთი სიტყვის ქვეყანაა. ეს ფრაზა, ისე გამოყურება, როგორც ყოველთვის: ევროპა.
ამ განუწყვეტელ ცდებში, საქართველო სამოქალაქო ომის ქაოსიდან იქცა ქვეყნად, სადაც, ყოველ ათ ნაბიჯში ტურისტს შეხვდები. ასევე, უცებ აღმოჩნდა, რომ ის მესამეა მსოფლიოში კრიმინალის სიმცირის მხრივ. კიდევ მრავალი რამ აღმოჩნდა.
საქართველო კვლავაც ცდაა.
ცდაა, მოატყუოს თავისი ვერაგი გეოგრაფია და იყოს იქ, სადაც, როგორც კი ამოისუნთქავდა, სურდა, ყოფილიყო.
ძაფი, კერვა, ქარგვა, ქსოვა, დახვეწილი ხელი, მხოლოდ შენი გემოვნება, საქართველოს უყვარს თავისი ეროვნული სამოსიც და საერთოდ მოხდენილობაც.
ქართული ეროვნული სამოსი სრულიად ასახავს იმ მულტიკუტურულობას, საქართველომ რომ ნებით, თუ იძულებით გამოიარა საუკუნეთა განმავლობაში. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველ იმ ეროვნულ სამოსს, აზიიდან მოვიდა ის საქართველოში, ევროპიდან, თუ კავკასიის გადაღმიდან, ქართული განწყობა დაეტყო და დროთა განმავლობაში ისე იცვალა სახე, რომ მის წინამორბედს არც დაესიზმრებოდა.
ქართული ტრადიციული სამოსის არსი ერთია: ის ადამიანს ალამაზებს, ოღონდ მოითხოვს, რომ გაცემული სილამაზეს მზად დაუხვდე. სხვანაირად ის სასაცილოა.
ქართული სამოსის მორგება და მოხდენა ქართულად ლექსის წერას გავს. ძნელია, რომ ქართულად ლექსის წერისას ის ყალბი და ხელოვნური არ გამოგივიდეს. ეს ალბათ იმიტომაა, რომ პოეზიას ნაჩვევი ეს ენა მუსიკის, გემოვნების და შემოქმედების მაღალ დონეს ითხოვს.
ქართული სამოსიც ასეა. ძაფი, რომელიც მასში დაძვრება, როგორც წესი უხილავი და ვირტუოზულად მიმალულია, სხეული კი, რომელსაც ის ერგება, საჩუქრისთვის მზად უნდა იყოს.
საქართველო წყლის ქვეყანაა. საქართველოში მოგზაური კაცი ჯერ კიდევ შეხვდება ასეთ სცენას, რომ გზის პირას მგზავრები მანქანას გააჩერებენ და ყოველგვარი ჭიქისა და ბოთლის გარეშე, პირდაპირ დაეწაფებიან წყალს, რომელიც საიდანღაც, უფრო ხშირად კლდიდან გადმოჩუხჩუხებს სრულიად დაუნანებლად.
ეს ძველისძველი სცენაა, რომელიც ვერაფერმა შეარყია. ჯერ კიდევ ყველა წყარო არ მოქცეულა ბოთლში და მათი სახალხოდ გამოყენება შეიძლება.
წყაროს წყალივით ანკარაო, ხმამაღლა მღერიან ერთ ქართულ სიმღერაში და ეს წყაროები კვლავაც ცოცხალია. წყალი ყოველთვის მგზავრის იმედი იყო და საქართველო კი წყლის ქვეყანაა, წყაროების, ღელეებისა და მდინარეებისა.
საეჭვოა, რომელიმე ქვეყნის პოეტებს დაეწეროთ იმდენი ლექსი რომელიმე მდინარის შესახებ, ქართველ პოეტებს რომ მდინარე არაგივს შესახებ დაუწერიათ.
რას ნიშნავს ეს? ვინ იცის. ალბათ უფრო მადლობას, რომ არასდროს დარჩები მწყურვალი. სტატისტიკისთვის კი, საქართველოში 26 060 მდინარეა, 860 ბუნებრივი ტბა, 800-მდე მყინვარი და 200-მდე მინერალური წყლის წყარო.
ჭარბი, ეგებ მომეტებული. ვერ იტყვი, რომ ეს სიტყვა საქართველოში მაინცდამაინც რაიმე ცუდად ზედმეტს გულისხმობს.
ქართველები ჭარბ გრძნობებიანი ხალხია. ისინი ზეიმობენ დიდი ხმაურით, განიცდიან მძაფრი ხმაურით და მსჯელობენ მომეტებული ემოციით, თუნდაც სადაო ბევრი არაფერი იყოს.
ამიტომ, ქართველებს სიჭარბე უყვართ. შესაძლოა, ეს სიუხვესთანაც იყოს დაკავშირებული, რადგან ეცდებიან, რომ იმაზე მეტი გაჭამონ და დაგალევინონ, ვიდრე შეგიძლია. თუ რამე უხვადაა, უნდა დაიხარჯოს, თუ რამე ჭარბია, არ უნდა დაიმალოს.
თუმცა, სიჭარბე არა მხოლოდ სიუხვესთან იქნება ჩაბმული. ქართველებს დიდი ამოცანები უყვართ. შეიძლება ამ ამოცანის საყრდენში ჭარბი არაფერი არსებობდეს, მაგრამ თავად მისი ჭარბი ბუნება მის პოზიტიურობას განაპირობებდეს. მოჭარბებისგან შესაძლოა ბევრ ხიფათშიც გაჰყონ თავი, მაგრამ ეს ამოცანას ძნელად შეარყევს ხოლმე.
ხორუმი ძველი ქართული ცეკვაა, ზღვისპირეთიდან, აჭარის რეგიონიდან. ის ერთგვარ საბრძოლო წესრიგს, ერთობას და ძალმოსილებას გულისხმობს.
ხორუმი ძველია, როგორც ყოველი ქართული ცეკვა და სრულად ასახავს საქვეყნო ყოფის სურათს. მთელი სურათი საბრძოლო მექანიზმისა ხორუმში წარმოჩენლია სრულად და ჰარმონიულად, უპირატესი წესრიგით.
ცეკვა დაზვერვით, ფრთხილად იწყება და მერე გადაიზრდება საბრძოლო მწყობრთა მოწვევაში, საბოლოოდ კი მოცეკვავენი წრიუალდ ადგებიან ერთმანეთს მხრებზე და აუღებელ ციხეს, გოდოლს აშენებენ.
ხორუმი მხოლოდ ერთი მაგალითია.
საქართველოში ყოველ რეგიონს თავისი ცეკვა აქვს, და არაერთი. ყოველ ცხოვრებისეულ ვითარებას: ომს, ლხინს, სიყვარულს თუ სხვა ათასს, ქართველები ცეკვითაც მკვეთრად გამოხატავენ. ქართული ცეკვა სიხისტისა და სინაზის უცაბედი მონაცვლეობის, გრძნობათა უსაზღვროების სპექტაკლია. აქ თითქოს ყველაფერი კაცია, მაგრამ ყველგან იგრძნობა უხილავი ქალის არსებობა. ქალი ნაზი და ფრთხილია, ის ვითომდა გაურბის კაცს, თან კი მისი მოიმედეა, მაგრამ როცა კი კაცები იბრძვიან, მათ შუა სწორედ ქალი აღმოცენდება ხოლმე და მანდილის ჩაგდებით აწყვეტინებს ორთაბრძოლას.
ქართულ ცეკვას უამრავი ინტონაცია, თავისებურება აქვს. საბოლოოდ კი, როგორც ერთმა ქართველმა მწერალმა თქვა, ეს არის ქართული გენია, როკვით განფენილი.
ეს სიტყვათშეთანხმება ქართველი მწერლის მოგონილია. ის აღნიშნავს საბჭოთა საქართველოს იმ თაობას, რომელმაც პირველად მოირგო ჯინსები.
ჯინსების თაობა საქართველოში, სიმბოლურად ის თაობაა, რომლისთვისაც ჯინსი ჯერ კიდევ ნიშნავდა უცხოსთან და შორეულთან განსაკუთრებულ კავშირს. ეს თაობა საკუთარ თავში მოიცავდა საბჭოთა ბოჰემისა და ელიტის, ჰიპური და ბიტნიკური ელემენტებისა და თავისუფალ უცნობ სამყაროსთან აუცილებელი სულიერი კავშირის სურვილის ელემენტებს.
როგორც ერთ-ერთი ქართული არცთუ ძლიერი, მაგრამ დასამახსოვრებელი სუბკულტურა, ჯინსების თაობა იმ ეპოქის ისტორიის უბრალო ნაწილი იქნებოდა, რომ არა დიდი ისტორიული კოლიზიები, რასაც საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა.
საქართველოში სწორედ ჯინსების თაობა აღმოჩნდა ის თაობა, რომელიც გათავისუფლებული ქვეყნის მღვრიე ვითარების, კონფლიქტების და ომების პირველ რიგებში აღმოჩნდა და მრავალი სასიკვდილო დარტყმა მიიღო.
დასავლეთის ძიება დახურულ სამყაროში და აღსასრული ღია კართან.
#ჰოე უკანასკნელი ასოა ქართულ ანბანში, თუმცა, ეს არაფრის დასასრული არ არის. პირიქით, დასაწყისია. თუნდაც იმიტომ, რომ აქ შესაძლოა, სიტყვა ჰაერიც ყოფილიყო... მოკლედ, საქართველო აქაა, თავგადასავალი კი იწყება.
#Georgia
ტექსტის ავტორი: აკა მორჩილაძე
პროდუსერი და არტ დირექტორი: დავით რიკიაშვილი
კრეატიული ჯგუფი: ელენე ჭავჭანიძე, თორნიკე ბოკუჩავა, თაკო ჩხაიძე, ეთო გზირიშვილი, ანი ასათიანი, ნესტან ნიჟარაძე, ლიზა ასათიანი, თეა გოროზია, ზურა ჯიშკარიანი
გრაფიკული დიზაინი: გიორგი ბოხუა, თამარ ჭაბუკიანი
პროექტის მენეჯერი: ელენე ჭავჭანიძე
სტრატეგიული მენიჯერი: მარიამ ფერიშვილი
მედია მარკეტერი: ანი ყურაშვილი
ტექნიკური დირექტორი: სანდრო ოტიაშვილი