თუ სტარტაპერი ხარ და ცდილობ, ოპტიმალურად გაანაწილო ისედაც მცირე ბიუჯეტი, მაშინ ჩვენ პრიორიტეტების დასახვაში დაგეხმარებით და დეტალურად აგიხსნით, რაში გჭირდება ლოგო. ჩვენი ბლოგპოსტი იმ შემთხვევაშიც გამოგადგება, თუ უბრალოდ გაინტერესებს, როგორ იქმნება ხარისხიანი ლოგო.
გახსენდება რომელიმე მსხვილი ბრენდი ლოგოს გარეშე? ასეთი ბრენდი ბუნებაში არ არსებობს. არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს, კომპანიაზე წარმოდგენა, პირველ რიგში, ლოგოს მიხედვით ექმნებათ. ალბათ, ძალიან გინდა, შენი კომპანიის ლოგო გამორჩეული იყოს, თუმცა სავარაუდოდ არ იცი, როგორ მიიღო სასურველი შედეგი.
არ იდარდო, ჩვენი გზამკვლევი ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნის ყველაფერს, რაც იდეალური ლოგოს შესაქმნელად დაგჭირდება - დაწყებული ლოგოს ზოგადი მახასიათებლებით და შენი ბრენდის იდენტობით, დამთავრებული უშუალოდ ლოგოს დიზაინზე მუშაობით.
1. გაიაზრე, რისთვის გჭირდება ლოგო.
2. სანამ ლოგოს კეთებას დაიწყებ, დაგეგმე.
განსაზღვრე შენი ბრენდის იდენტობა
იპოვე შთაგონება
შეისწავლე კონკურენტები
3. დაიწყე ლოგოს დიზაინზე მუშაობა
აირჩიე დიზაინის სტილი
შეარჩიე ლოგოს შესაფერისი ტიპი
ყურადღება მიაქციე ფერებს
სწორად შეარჩიე ტიპოგრაფიკა
4. მართე დიზაინის შექმნის პროცესი
შეინარჩუნე კავშირი დიზაინერთან
შეაფასე ვარიანტები
გავრცელებული შეცდომები, რომელიც არ უნდა დაუშვა
5. გამოიყენე ლოგო
ლოგო შენი ბიზნესის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ის პირველია, რასაც პოტენციური მომხმარებლები დაინახავენ, ამიტომ მათ გემოვნებაზე მორგებული, საუკეთესო ვერსია უნდა შესთავაზო.
ლოგო შენს ბრენდზე პირველად ინფორმაციას გასცემს. ხშირად, მომხმარებელი მხოლოდ ლოგოს მიხედვით საზღვრავს, რამდენად უნდა შენს ბრენდთან ურთიერთობის დაწყება.
არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ ლოგო ერთჯერადი გამოყენებისთვის არ იქმნება, ის იქნება ყველგან და ყველაფერზე, რაც შენს კომპანიას ეხება - ვებგვერდზე, შეფუთვაზე, სავიზიტო ბარათზე, უბრალო ბლანკზეც კი. შესაბამისად, უნდა შეეცადო, რომ შენი ლოგო განსაკუთრებით თვალშისაცემი იყოს და თანაც კონკურენტების ლოგოებისგან გამოირჩეოდეს.
შენი ლოგო ბრენდის ხასიათს უნდა გადმოსცემდეს. პირველ რიგში, განსაზღვრე, როგორია შენი ბრენდი? როცა ზედმიწევნით გეცოდინება, რა აქცევს შენს ბრენდს უნიკალურად, ლოგოს დიზაინზე მუშაობა გაგიადვილდება.
თუ არ იცი, საიდან დაიწყო, კითხვებს მიჰყევი:
რატომ დავიწყეთ ეს ბიზნესი?
ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, რა შეხედულებები და ღირებულებებია მნიშვნელოვანი?
რას ვაკეთებთ სხვებზე უკეთ?
რა გვაქცევს განსაკუთრებულად?
ჩვენი ბრენდი სამი სიტყვით რომ აღვწეროთ, რომელ სამ სიტყვას გამოვიყენებთ?
იდეალურ შემთხვევაში, რომელი სამი ზედსართავით უნდა აღგვწერონ მომხმარებლებმა?
დიზაინის შექმნის თვალსაზრისით, ყველაზე რთული შთაგონების პოვნაა. ამიტომაც, რჩევები მოგიმზადეთ.
თუ გინდა, რომ ლოგოს მკაფიო კონცეფცია უმაგრებდეს ზურგს, იდეების შეგროვება დროულად დაიწყე. ბრეინშტორმინგი დაგეხმარება გამოკვეთო განსხვავებული მოსაზრებები, მიზნები და შემოქმედებითი იდეები.
როცა საქმე ლოგოზე მიდგება, შაბლონური ნუ იქნები. ორიგინალურმა გადაწყვეტამ, შესაძლოა, ბაზარზე გამოგარჩიოთ და ასე ბრენდის უნიკალური ხასიათის გადაცემაც უკეთ შეძლოთ.
ლოგოზე მუშაობა მხოლოდ ვერბალური და წერილობითი მოთხოვნებით არ შემოიფარგლება. შთაგონებისთვის საუკეთესო გზა ე.წ. მუდბორდის შექმნაა. თუ დრო გაქვს, მასალების დაბეჭდვა, ამოჭრა და ერთ სივრცეში შეკრება, ცუდი არ იქნება, მაგრამ შეგიძლია ციფრული ინსტრუმენტებიც გამოიყენო და შენი მუდბორდი Pinterest-ზე შექმნა. შეაგროვე ის სურათები, რომელიც მოგწონს, შეკრიბე ყველაფერი - ლოგოები, ილუსტრაციები და გრაფიკული ნამუშევრები. ამ მეთოდით მალე აღმოაჩენ, რომელი სტილი მოგწონს.
დაიწყე ფიქრი, როგორ უნდა გამოიხატოს შენი ბიზნესი ლოგოში? აირჩიე ბრენდის ესთეტიკა - ვინტაჟური სტილი თუ ხმამაღალი, მკაფიო და თანამედროვე გამოსახულება?
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინოვაციური პროდუქტით აპირებ ბაზარზე შესვლას, კონკურენტებს მაინც გადახედე. რა თქმა უნდა, არ გვგონია, რომ იდეები სხვებს უნდა მოპარო, მაგრამ გირჩევთ, კარგად შეისწავლო რას აკეთებენ დანარჩენები. როგორი ლოგოები აქვთ? ყველაზე მეტად რომელი მოსწონს სამიზნე აუდიტორიას? გამოკვეთე, რითი გინდა იყო განსხავებული და იმაზეც იფიქრე, როგორ ასახავ განსხვავებებს ლოგოს დიზაინში.
თუ გინდა, რომ განსხვავება შენსა და კონკურენტებს შორის ძალიან მკაფიო იყოს, რაიმე რადიკალურად განსხვავებული უნდა შექმნა. მაგალითად, თუ ბიზნესების უმეტესობა შენს სფეროში მონოქრომულ დიზაინს იყენებს, შენ ლოგოში ფერები შეიტანე. თუ ყველას ტრადიციული სტილი აქვს არჩეული, თანამედროვე და სახალისო ლოგო მეტ ყურადღებას მიიქცევს.
რადგან უკვე იცი როგორია შენი ბრენდი და შთაგონებულიც ხარ, დროა, ცოდნა და ენერგია ლოგოში გააერთიანო. ლოგოს ვიზუალური მხარე ბევრი ელემენტისგან შედგება - ფერები, ფორმები, გრაფიკა და ტიპოგრაფიკა. თითოეულ კომპონენტს ცალ-ცალკე განვიხილავთ.
პირველ რიგში, უნდა მოძებნო შესაფერისი ესთეტიკა შენი ბრენდისთვის. არ არსებობს ერთი სტილი, რომელიც ყველა კომპანიას მიესადაგება, შენ შენი კომპანიის შესაფერისი უნდა მოძებნო.
ტრენდული ლოგოები შეიძლება დღეს მომხიბვლელი იყოს, მაგრამ ხვალ და ზეგ აღარ ვარგოდეს, მოდიდან გადავა და მორჩა. კლასიკური სტილი უფრო დიდხანს გამოგადგება და საშუალებას მოგცემს, მეტ ხალხს მიაწვდინო ხმა. კლასიკური სტილი მარტივი და სადაა, გამორიცხავს ჭყეტელა ფერებს, უჩვეულო გრაფიკას ან ფონტებს. კლასიკური სტილი ეუბნება მომხმარებლებს, რომ შენი ბრენდი სანდოა.
გიფიქრია, რატომ უყვართ ადამიანებს ვინტაჟი და რეტრო? იმიტომ ხომ არა, რომ ეს სტილი რომანტიკულ განცდებს უღვივებს ადამიანებს და ნოსტალგიას აღუძრავს? რეტრო სტილის გზავნილიც მკაფიოა - ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ისტორია და პროდუქტის ხარისხი.
ბრენდები ხშირად ირჩევენ სადა და მინიმალისტურ სტილს. ასეთ ლოგოებში შეხვდებით ფართო თეთრ სივრცეებს, მინიმალისტურ დეტალებს და მარტივ ხაზებს. მინიმალისტური ლოგოები ხაზს უსვამს, რომ შენი ბრენდი ფეხს უწყობს თანამედროვეობას.
თუ ძირითადი სამიზნე სეგმენტი ახალგაზრდები არიან, მაშინ არაორდინალური და ხალისიანი ლოგოს შერჩევა გამართლებულია. დადებითი განწყობის შესაქმნელად, ასეთ ლოგოებში ხშირად იყენებენ ჭრელ ფერებს, სიმბოლოებს და ილუსტრაციებს.
ხელით შექმნილი სტილი მკაფიო გზავნილს ატარებს: ეს ბრენდი ინდივიდუალისტური და ხელნაკეთ ხარისხზე ორიენტირებულია. ეს სტილი ყველაზე მარტივად შეიძლება შეუთავსო სხვა მიმართულებებს, აირჩიე ვინტაჟი, მინიმალისტური ან მსუბუქი სტილი სურვილისამებრ.
ნებისმიერი სტილი ნებისმიერ მეორეს არ უხდება, თუმცა, შენი ბრენდიდან გამომდინარე, შეგიძლია რამდენიმე მიმართულება შეათავსო, მაგალითად ხელნაკეთი და სახალისო.
ლოგო კომპანიის უნიკალურ იდენტობას გრაფიკულად ასახავს. სულ 7 განსხვავებულ ტიპს განარჩევენ.
ლოგოს ყველა ტიპი ტიპოგრაფიკისა და სახე-ხატების კომბინაციაა, თუმცა თითოეული ბრენდს განსხვავებულად წარმოაჩენს. თუ გაინტერესებს, რომელი ტიპი მიესადაგება შენი კომპანიის პროფილს და ღირებულებებს, კითხვა განაგრძე.
CNN, HP, HBO… ამ ბრენდებს ერთი რამე აერთიანებთ. ბაზარზე სამივე ინიციალებით პოზიციონირებს - მონოგრამულ ლოგოებს იყენებენ იდენტიფიკაციისთვის. სინამდვილეში, სამივეს გრძელი და რთულად დასამახსოვრებელი სახელები აქვს.
მონოგრამული ლოგოები მთლიანად ტიპოგრაფიკას ეფუძნება, ლოგოში რამდენიმე ასო, უმეტესად კომპანიის ინიციალები ფიგურირებს. ასეთი ტიპის ლოგოები მარტივი და ეფექტურია. გავიხსენოთ NASA-ს მაგალითიც, ორგანიზაციის სრული სახელის წარმოთქმა და ლოგოს აღქმა, თითქმის წარმოუდგენელია. ერთი მხრივ - ნასა, მეორე მხრივ - აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო.
მონოგრამული ლოგოს მსგავსად, ტიპოგრაფიკულ ლოგოებში მთავარი გამოყენებული შრიფტია. ასეთი ლოგოები მაშინ გამოდის ყველაზე შთამბეჭდავი, როცა კომპანიას ადვილად დასამახსოვრებელი სახელი აქვს. ამ ტიპის ლოგო აქვთ Visa-ს, Coca-Cola-ს და Google-ს.
ტიპოგრაფიკა გადამწყვეტია იმდენად, რომ უმჯობესია ბრენდისთვის საგანგებო შრიფტი შექმნათ. ასოების დახრილობა, სიგრძე, სიგანე და ზომა თქვენი ბიზნესის არსს გრაფიკულად უნდა გადმოსცემდეს. მოდის სახლები დახვეწილ, ელეგანტურ ფონტებს იყენებენ, საჯარო უწყებებს კი ტრადიციული, უფრო ფორმალური შესახედაობის ასოები ურჩევნიათ.
ლოგო-სიმბოლო ის ტიპია, რომელიც პირველი გვახსენდება, როცა ლოგოებზე ვფიქრობთ - Apple-ის ჩაკბეჭილი ვაშლი, Twitter-ის ჩიტი... ასეთი გამოსახულებები მსხვილ ბრენდებს აქვთ, რომლებსაც კომპანიის სახელის მითითება არ სჭირდებათ და მხოლოდ სიმბოლოთი მარტივად ცნობენ. ლოგოს ამ ტიპის გამოყენება დამწყები ბიზნესებისათვის სარისკოა.
არჩეული ნიშანი ან სიმბოლო მთელი კომპანიის ღირებულებებს და საქმიანობას უნდა ასახავდეს. გააჩნია, რა გჭირდება - ემოციის აღძვრა, ბრენდის ფილოსოფიის კომუნიკაცია, კომპანიის სახელის ჟღერადობის და სიმბოლოს ორიგინალურად დაკავშირება თუ რამე სხვა. მაგალითად, ბუნების მსოფლიო ფონდის ლოგოზე სიმბოლურად პანდაა გამოსახული, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა.
აბსტრაქტული ლოგოები ლოგო-სიმბოლოების განსაკუთრებული ნაირსახეობაა. ამ შემთხვევაში, საქმე ადვილად აღქმად სიმბოლოებთან (ჩიტი, სახლი, ვაშლი) არ გვაქვს, არამედ აბსტრაქტულ, გეომეტრიულ ფორმებს ვუყურებთ. ასეთი ლოგო აქვს პეპსის, ნავთობისა და გაზის კორპორაცია BP-ს, Adidas-ს. აბსტრაქტული ლოგო საშუალებას მოგცემს, შექმნა უნიკალური და გამორჩეული სიმბოლო, თუმცა ასეთი სიმბოლოების აღქმა და კომპანიის იდენტიფიკაცია, შედარებით რთულია. ფერებისა და გეომეტრიული ფორმების გამოყენებით, განსაკუთრებული ემოციის აღძვრა შეგიძლია მაინც სცადო. მაგალითად, Nike-ს სიმბოლო მინიმალისტურად და გემოვნებიანად ახერხებს, ასახავდეს მოძრაობასა და თავისუფლებას.
შენი კომპანიის წარსადგენად, შეგიძლია ილუსტრირებული პერსონაჟი გამოიყენო. წარმოიდგინე, რომ ეს გმირი შენი ბრენდის ელჩია. M&M-სის, KFC-ის შემთხვევებში, სწორედ თილისმებთან გვაქვს საქმე. პერსონაჟების შექმნა მაშინ მუშაობს ყველაზე კარგად, როცა საქმე ოჯახებს და ბავშვებს ეხება. თილისმები ძალიან პოპულარულია სპორტშიც, რადგან პერსონაჟების გამოყენება სპორტულ ღონისძიებებზე შეიძლება.
ასეთი ლოგოები სიმბოლოს და სიტყვას აერთიანებს, ბრენდის სახელი ან სიმბოლოს გვერდითაა, ან პირდაპირ სიმბოლოშია ინტეგრირებული. მომხმარებლები სახელსაც და სიმბოლოსაც პირდაპირ კომპანიასთან აკავშირებენ.
თუ გინდა, რომ სახელი დაიმკვიდრო და მომხმარებლებისვის მკაფიო ასოციაციური ჯაჭვი შექმნა, კომბინაცია კარგი ვარიანტია. ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავ, შენი კომპანიის სახელსაც აჟღერებ და კონკრეტულ სიმბოლოში სათქმელსაც ატევ.
ემბლემების შემთხვევაში, ტექსტი ტრადიციულ ფორმაშია ინტეგრირებული. ასეთი ლოგოები გადატვირთული გრაფიკული ელემენტებით და ტექსტით გამოირჩევა. ემბლემებს ყველაზე ხშირად უნივერსიტეტები, საჯარო უწყებები, სკოლები და მსგავსი სპეციფიკის დაწესებულებები იყენებენ. საინტერესოა, რომ ემბლემებმა თავისებური მოდერნიზაციაც განიცადეს და ბრენდებმა 21-ე საუკუნეს აუწყვეს ფეხი, გაიხსენე Starbucks-ის ლოგო და დაგვეთანხმები, რომ სულაც არ არის ზედმეტად ტრადიციული ან ძველმოდური.
ემბლემის შემთხვევაში პრობლემა კვლავ სხვადასხვა მასალაზე ლოგოს დატანაა. როცა გამოსახულება ძალიან მცირდება, ლოგო აღქმადობას კარგავს.
კომბინაციური ლოგო თითქმის ყველა ბიზნესს შეეფერება. ყველაზე ხშირად კომპანიები სწორედ ამ ვარიანტს ირჩევენ.
ემბლემას საჯარო უწყებები და სკოლები ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა კერძო კომპანიებსაც თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ შესაძლებლობა - ემბლემები განსაკუთრებით უხდება საჭმლის ან საკვების მწარმოებელ კომპანიებს და ობიექტებს. დეტალებთან სიფრთხილე გმართებთ, მასალების ბეჭდვისას ან დამზადებისას, პრობლემები რომ არ შეგექმნათ.
ყველა ფერი განსხვავებულ ემოციას აღძრავს და ფერების მიღმა იდეებიც, სხვადასხვაა.
წითელი - ვნებას, მრისხანებას და აღტაცებას გამოხატავს. კარგი არჩევანია, თუ გინდა, რომ შენი ბრენდი ენერგიული, ხმამაღალი და ახალგაზრდული ჩანდეს.
სტაფილოსფერი - ნაკლებად მჭახე, ვიდრე წითელი, მაგრამ ანალოგიურად ენერგიული და თვალშისაცემი.
ყვითელი - ხელმისაწვდომი, ახალგაზრდული და მეგობრული. თუ გინდა, რომ შენს ბრენდსა და მომხმარებელს შორის რაც შეიძლება პატარა დისტანცია არსებობდეს, ყვითელი კარგი არჩევანია.
მწვანე - უნივერსალურია, ყველა ბრენდს ერგება. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, რომ ბუნებასთან კავშირს გაუსვას ხაზი. ასევე, მომხმარებლების გამოკითხვიდან გამომდინარე, მწვანე ფერი ყველაზე მეტად ასოცირდება სანდოობასთან.
ლურჯი - კლასიკური ფერი, ხშირი არჩევანი. გამოხატავს სანდოობას და პასუხისმგებლიანობას, აღძრავს სიმშვიდის და სტაბილურობის განცდას.
იასამნისფერი - მისტიკური, ეკლექტური ან უკიდურესად ფემინური. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, იასამნისფერის რომელ ტონს შეარჩევ.
ვარდისფერი - თუ ბრენდი სინაზეს და დახვეწილობას უნდა გამოხატავდეს, ვარდისფერი შესანიშნავია.
ყავისფერი - ყველაზე მეტად მასკულინურ, ვინტაჟურ ლოგოებს უხდება. ბრენდს უნიკალურ, ცოტა ძველებურ ელფერს სძენს.
შავი - დახვეწილი, თანამედროვე და მდიდრული. თუ სიმარტივეს და სისადავეს ეძებ, შავი და თეთრი შეგიძლია შეათავსო.
თეთრი - სისუფთავის, თანამედროვეობის და მინიმალისტურობის ფერი. თანაც, თეთრი კარგად ესადაგება სხვა ფერებს.
ნაცრისფერი - თუ გინდა, რომ შენი ბრენდი კლასიკური და სერიოზული იყოს, არჩევანი ნაცრისფერზე შეაჩერე. ნაცრისფერის მუქი ტონები მისტიკურობას გამოხატავს, ღია ტონები კი ხელმისაწვდომობის განცდას აღძრავს.
ბრენდის არსის სრულყოფილად გადმოსაცემად, ერთი ფერი ყოველთვის საკმარისი არ არის, თუმცა ფრთხილად უნდა იყო და ისეთი ფერები შეარჩიო, რომელიც ერთმანეთს უხდება. დააკვირდი ფერების წრეს.
ურთიერთსაწინააღმდეგო ფერები წრეზე ერთმანეთის მოპირდაპირედაა განლაგებული. ამ ფერების შეხამებით, დინამიურ და მკვეთრ ლოგოს მიიღებ.
მსგავსი ფერები წრეზე ერთმანეთთან ახლოსაა. თუ გინდა, რომ შენი ლოგო ჰარმონიულობას ასხივებდეს, მსგავსი ფერები შეარჩიე.
სამკუთხედის პრინციპით განლაგებული ფერების გაერთიანებით გაბედულ კომბინაციას მიიღებ. ასეთ დროს ფერებს სამკუთხედის პრინციპით არჩევ, ანუ იყენებ იმ ფერებს, რომელიც ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებთან იქნებოდა.
ამ ეტაპზე შენ უკვე გჭირდება ფონტი, რომელიც სხვა ელემენტებს მოუხდება და ლოგოს დასრულებულ სახეს შესძენს. არსებობს ფონტის 4 ტიპი, რომელიც შეგიძლია, გამოიყენო.
Serif-ის ფონტებში ასოებს პატარა „შვერილები“აქვს, რაც შეიძლება ცოტა ძველმოდურად აქცევს ლოგოს, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთი ასოები თითქმის ყველა დიზაინს უხდება, განსაკუთრებით კი ვინტაჟურ და კლასიკურ ვარიანტებს.
თანამედროვე და სადა შესახედაობისთვის, Sans serif-ის გამოყენებაა მიზანშეწონილი. მარტივი და დახვეწილი Sans serif-ის ფონტები ყველაზე მეტად მინიმალისტურ ლოგოებს უხდება.
ხელნაწერთან მიმსგავსებული ფონტები უფრო ინდივიდუალისტურია, ნაკლებად მკაცრი და ფორმალური. ხელნაწერის მსგავსს ფონტებში დიდი განსხვავებაა, თქვენზეა დამოკიდებული როგორს აირჩევთ, ელეგანტურ და სუფთა ხელნაწერის მსგავსს, თუ უფრო მოშვებულ და უდარდელ ნაწერს.
დისფლეი ფონტები უკიდურესად სტილიზებული, დეკორატიული ფონტებია და ყველაზე ადვილად იპყრობს ყურადღებას.
რადგან უკვე მეტნაკლებად გაიგე, რა ელემენტებისგან შედგება ლოგო, დროა, კომპონენტები შეკრიბო და ლოგოს სრულფასოვანი სახე და გამოკვეთილი ხასიათი შესძინო. მთავარია, არ დაკარგო შენი ბრენდის მუხტი და ჰარმონიულად შეკრიბო ელემენტები.
უნდა მოიფიქრო, რომელი გზით წახვალ - დაიქირავებ სააგენტოს, კონკურსის საშუალებით გამოავლენ საუკეთესო ლოგოს თუ ერთ ადამიანს მიანდობ საქმეს. ცხადია, ყველა არჩევანს თავისი ფასი და შესაფერისი ხარისხი აქვს.
პირველი წესი, რომელიც უნდა დაიცვა, შენი მოთხოვნების და სურვილების მკაფიოდ ჩამოყალიბება და ნათლად კომუნიკაციაა. მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნების გადაცემა საკმარისი არ არის, დიზაინერმა უნდა იცოდეს, რას წარმოადგენს თქვენი კომპანია, რა მიზნები და ღირებულებები გამოძრავებთ, ვინ არის თქვენი პირველადი სეგმენტი და რისი ხაზგასმა გჭირდებათ. რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება დიზაინერს, მით უკეთესად შეძლებს განსაკუთრებული და თქვენს კომპანიაზე მორგებული ლოგო შექმნას.
იმის მიუხედავად, რომ ლოგო თქვენი კომპანიის იქნება, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დიზაინერი პროფესიონალია, ამ სფეროში მას მეტი ცოდნა და კომპეტენცია აქვს, ამიტომ, უნდა ენდოთ კიდეც. თქვენი გამოხმაურება ლოგოს ცალკეულ ელემენტებზე ან ვარიანტებზე ყოველთვის დეტალური და მკაფიოდ ჩამოყალიბებული უნდა იყოს, დიზაინერმა უნდა აღიქვას, რა მოგწონთ და რა - არა.
ხანდახან ხდება, რომ ლოგოს შეხედავ და ხვდები, ეს ზუსტად ისაა, რაც გჭირდებოდა. უფრო ხშირად კი, ცალსახა არჩევანს ვერ აკეთებ და ამიტომ სჯობს, დახმარება პარტნიორებს, მეგობრებს და პოტენციურ მომხმარებლებსაც სთხოვო. დასვი ზოგადი შეკითხვები საუკეთესო ვარიანტის გამოსავლენად:
რამდენიმე წამში გამოიცნობ რას აკეთებს ეს ბიზნესი?
ლოგო მარტივად დასამახსოვრებელია?
ლოგო უნივერსალურია? ყველა საჭირო სივრცეს და მასალას მოუხდება?
ლოგო დიდი ხანი გამოგადგება თუ რამდენიმე წელიწადში შესცვლელი გახდება?
ლოგო უნიკალურია? თუ ძალიან ჰგავს სხვა ბრენდების ლოგოებს?
მომხმარებლებს მოეწონებათ?
ბუნებრივია, ბრენდების მოთხოვნები ლოგოსადმი განსხვავდება. გააჩნია, სად დაგჭირდება შენი ლოგოს განთავსება ყველაზე ხშირად - ქსოვილზე, ეტიკეტზე თუ ციფრულ მასალებზე? ნუ ჩაიკეტები მხოლოდ პერსონალურ გემოვნებაში, იფიქრე, რა იქნება ყველაზე ოპტიმალური შენი კომპანიის ყოველდღიური საქმიანობისთვის.
არ აყვე ინდუსტრიის კლიშეებს, ნუ იქნები შაბლონური. არ გეგონოს, რომ თუ სტომატოლოგიური კლინიკა გაქვს, ლოგოში მაინცდამაინც კბილი და ჯაგრისი უნდა ფიგურირებდეს.
ზედმეტად ნუ გაართულებ. გენიალურობა სიმარტივეშია.
ნუ გადაყვები ტრენდებს. ყურადღება მიაქციე, რა არის პოპულარული, მაგრამ მთელს კონცეფციას მხოლოდ ტრენდულობაზე ნუ ააგებ.
ნუ იმუშავებ დამწყებთან, ეს მხოლოდ დროს და ნერვებს დაგაკარგვინებს.
უკვე შექმენი მყარი საფუძველი და ახლა შეგიძლია ბრენდინგის სხვა ელემენტებზე იზრუნო. დაიწყე სავიზიტო ბარათების ბეჭდვა, ეტიკეტის დიზაინის ან ვებდიზაინის კეთება. სტილი, ფერთა გამა, ფონტი და რაც მთავარია, საჭირო გამოსახულება, უკვე გაქვს. წარმატებები მომავალ საქმიანობაში!