ყოველდღიურად უამრავ ვებსაიტს, აპლიკაციასა თუ პლატფორმას ვიყენებთ. ზოგიერთი მათგანი გვაღიზიანებს, ზოგი კი – იმდენად ბუნებრივად და მარტივად მუშაობს, რომ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ მივაღწიეთ სასურველ შედეგს. სწორედ ეს არის ნამდვილი ოსტატობა. როდესაც ციფრული პროდუქეტების და პლატფორმების შექმნაზე ვსაუბრობთ, ხშირად ყურადღებას ვიზუალურ ესთეტიკაზე, თვალისმომჭრელ ანიმაციებსა და ფერებზე ვამახვილებთ, მაგრამ ზოგჯერ მთავარი გვავიწყდება – მომხმარებლის გამოცდილება (UX), რომელიც მაშინაა იდეალური, როცა ის ფაქტობრივად უხილავია.
ამ იდეის ფუნდამენტური არსის გადმოსაცემად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. ფრაზა "კარგი დიზაინი უხილავია" ყველაზე ხშირად დონ ნორმანს მიეწერება, რომელიც ცნობილი მომხმარებლის გამოცდილების (UX) მკვლევარი და წიგნის ”The Design of Everyday Things” ავტორია. მან ახსნა, რომ შესანიშნავი დიზაინი ჩვენს საჭიროებებს იმდენად იდეალურად ერგება, რომ ის შეუმჩნეველი ხდება და ისე ფუნქციონირებს, რომ ყურადღებას არ იპყრობს.
ამ მარტივ, მაგრამ გენიალურ მოსაზრებაში ციფრული პროდუქტების შექმნის მთავარი ფილოსოფია იმალება. როცა ვებსაიტი ზედმიწევნით კარგად არის შექმნილი, მომხმარებელი თავის მთავარ ამოცანაზე ფოკუსირდება და არა იმ ინსტრუმენტზე, რომელსაც ამ ამოცანის შესასრულებლად იყენებს.













