ქალები, რომლებმაც ციფრული სამაყრო შექმნეს

ავტორი: ზურა თეგერაშვილი

გამოქვეყნდა

06.03.2026

წაკითხვის დრო

0 წუთის საკითხავი

მარტის პირველი კვირა ტრადიციულად იმ ქალების დაფასებას ეთმობა, რომლებმაც ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვეს. თუმცა ტექნოლოგიურ სამყაროზე საუბრისას ხშირად გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – თანამედროვე კომპიუტერები, პროგრამირება და ინტერნეტის მრავალი საფუძველი სწორედ ქალების იდეებზე დგას. წარმოგიდგენთ 8 გამორჩეულ ფიგურას, რომლებმაც ტექნოლოგიების ისტორია შეცვალეს.

ადა ლავლეისი

ადა ლავლეისი მე-19 საუკუნის მათემატიკოსი იყო, რომელმაც ჩარლზ ბებიჯის “ანალიტიკური მანქანისთვის” (თანამედროვე კომპიუტერის წინაპარი) პირველი ცნობილი ალგორითმი დაწერა. ეს ალგორითმი კომპიუტერული მანქანისთვის იყო განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი მანქანა მხოლოდ რთული “კალკულატორი” ეგონათ, ადამ გაცილებით შორს გაიხედა. მან იწინასწარმეტყველა, რომ თუ მანქანას სიმბოლოებით მუშაობას ვასწავლიდით, ის არა მხოლოდ ციფრებს დაითვლიდა, არამედ შეძლებდა მუსიკის კომპოზიციების შექმნას და გრაფიკული გამოსახულებების ხატვას. სწორედ ამ ხედვის გამო ითვლება ის - არა მხოლოდ პირველ პროგრამისტად, არამედ ციფრული სამყაროს წინასწარმეტყველადაც.

ადა ლავლეისი

გრეის ჰოპერი

გრეის ჰოპერი აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალი იყო, რომელმაც პირველი კომპილატორი შექმნა. სწორედ მისმა მუშაობამ გახადა შესაძლებელი, რომ ადამიანს კომპიუტერისთვის ბრძანებები ინგლისურის მსგავსი ენით მიეცა და არა რთული ციფრული კოდით. ის იყო პროგრამირების ენა COBOL-ის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ასევე, სწორედ გრეის ჰოპერს ეკუთვნის ტერმინი “ბაგის” (Bug) დამკვიდრებაც, მას შემდეგ, რაც სისტემაში გაჭედილი ნამდვილი მწერი იპოვა.

გრეის ჰოპერი

ჰედი ლამარი

ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი ჰედი ლამარი თავისუფალ დროს გამომგონებლობით იყო დაკავებული. მეორე მსოფლიო ომის დროს მან “სიხშირული ნახტომის” ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც რადიოსიგნალების დაცვაზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მისი იდეა არ სცნეს, დღეს მრავალი უკაბელო ტექნოლოგია, მათ შორის Wi-Fi, Bluetooth და GPS სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული.

ჰედი ლამარი

მარგარეტ ჰამილტონი

როდესაც NASA მთვარეზე ადამიანის გაგზავნას გეგმავდა, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას, კომპიუტერული მეცნიერი - მარგარეტ ჰამილტონი ხელმძღვანელობდა. ჰამილტონის გუნდის მიერ შექმნილმა პროგრამამ კრიტიკული შეცდომები შესანიშნავად მართა და Apollo 11-ის უსაფრთხო დაშვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მარგარეტმა დაამკვიდრა ტერმინი “პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია” და დაამტკიცა, რომ კოდი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კოსმოსური რაკეტის ძრავა.

მარჰარეტ ჰამილტონი

რადია პერლმანი

ხშირად მას “ინტერნეტის დედას” უწოდებენ. რადიამ შექმნა STP პროტოკოლი, რომელმაც ქაოტური ქსელური კავშირები მოწესრიგებულ სისტემად აქცია. მისი გამოგონების გარეშე დღევანდელი ინტერნეტი უბრალოდ ვერ იარსებებდა და მონაცემთა გადატვირთვის გამო მუდმივად გაითიშებოდა.

რადია პერლმანი

ელიზაბეთ ფეინლერი

სანამ Google გაჩნდებოდა, ელიზაბეთ ფეინლერი არსებობდა, რომელიც ინტერნეტის წინაპარი ქსელის (ARPANET) საინფორმაციო ცენტრს მართავდა. სწორედ მისმა გუნდმა შეიმუშავა დომენების სისტემა (.com, .gov, .edu), რომლებსაც დღეს ყოველდღიურად ვიყენებთ.

ელიზაბედ ფეინლერი

ენი ისლი

ენი ისლი NASA-ს ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი მეცნიერი იყო. მან შექმნა კოდი, რომელიც Centaur-ის რაკეტის ძრავებისთვის გამოიყენებოდა. თუმცა, მისი წვლილი დედამიწაზეც დიდია: მისი კვლევები საფუძვლად დაედო თანამედროვე ჰიბრიდული ავტომობილების ბატარეების შექმნას.

ენი ისლი

ეველინ ბერეზინი

ეველინ ბერეზინმა შექმნა პირველი კომპიუტერი, რომელიც სპეციალურად ტექსტზე მუშაობისთვის იყო განკუთვნილი. მანამდე შეცდომის დაშვება საბეჭდ მანქანაზე მთელი გვერდის თავიდან გადაწერას ნიშნავდა. ეველინმა სამუდამოდ შეცვალა ოფისის მუშაობის სტილი და გზა გაუკაფა ისეთ პროგრამებს, როგორიცაა Microsoft Word. ამასთან ერთად, ეველინი ავიარეისების ავტომატიზებული დაჯავშნის (ARS) პირველი სისტემის შემქმნელია. United Airlines-ისთვის უპრეცედენტოდ საიმედო კომპიუტერული ქსელი შეიმუშავა, რომელმაც საავიაციო ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. ეს სისტემა 60 ქალაქს ემსახურებოდა და მომდევნო 11 წლის განმავლობაში ისე იმუშავა, რომ ერთი ცენტრალური გათიშვაც კი არ ჰქონია.

ეველინ ბერეზინი

მოკლედ, ისტორიამ დაამტკიცა, რომ ტექნოლოგიებში ნიჭს და პროფესიონალიზმს სქესი არ აქვს. ამ ქალების იდეებმა იმ ციფრული სამყაროსთვის შექმნა საფუძველი, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ახალ პროდუქტებს ვქმნით.

 

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ქონექთის გუნდშიც არაერთი ნიჭიერი ქალია, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ინოვაციურ პროექტებზე და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.

 

გილოცავთ 8 მარტს! 🌸👩‍💻

 

P.S. თუ თქვენი საქმიანობისთვის სწრაფი, უსაფრთხო და თანამედროვე ციფრული პლატფორმა გჭირდებათ, ან ისეთი ვებსაიტის დამზადება გინდათ, რომელიც თქვენი გაყიდვების სისტემებს მარტივად დაუკავშირდება, მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 📞 032 2 47 07 70

 

სხვა ბლოგები