Facebook 22 წლისაა: როგორ შეცვალა სოციალურმა ქსელმა ინტერნეტის არქიტექტურა და ბიზნესი

ავტორი: ზურა თეგერაშვილი

გამოქვეყნდა

03.02.2026

წაკითხვის დრო

0 წუთის საკითხავი

ზუსტად 22 წლის წინ, 2004 წლის 4 თებერვალს, ინტერნეტის ისტორიაში ახალი თავი დაიწერა. ვისაც დევიდ ფინჩერის საკულტო ფილმი – “სოციალური ქსელი” (The Social Network) დღემდე არ გინახავთ, შეგახსენებთ: ყველაფერი ჰარვარდის საერთო საცხოვრებლის პატარა ოთახში, ლეპტოპის ეკრანთან დაიწყო. მაშინ საიტს “TheFacebook” ერქვა და მისი მიზანი მხოლოდ სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირება იყო. იმ მომენტში ვერავინ, მათ შორის თავად მარკ ცუკერბერგიც, ვერ იფიქრებდა, რომ ეს სტუდენტური გასართობი 22 წლის შემდეგ ინტერნეტის მთავარი არქიტექტორი და გლობალური ეკონომიკის ნაწილი გახდებოდა.

 

ჩვენთვის, ვებ-დეველოპერებისა და ციფრული მარკეტერებისთვის ეს თარიღი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კომპანიის იუბილე. ესაა კარგი საბაბი გავიაზროთ, თუ როგორ გადაწერა ფეისბუქმა ვებ-ტექნოლოგიების სტანდარტები და როგორ შექმნა ისეთი ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელზეც დღეს მილიონობით ბიზნესია დამოკიდებული.

ავტორიზაციის გვერდიავტორიზაციის გვერდი

როგორ შეიქმნა "უსასრულო სქროლი"

 

2000-იანების დასაწყისში ინტერნეტი საინფორმაციო დაფას ჰგავდა. საიტზე შედიოდი, ინფორმაციას წაიკითხავდი და გამოდიოდი. ფეისბუქმა კი რევოლუციური კონცეფცია – News Feed შემოიტანა.

 

ტექნიკური თვალსაზრისით, ეს უდიდესი გამოწვევა იყო: როგორ უნდა აჩვენო მილიარდობით მომხმარებელს ინდივიდუალურად დაგენერირებული, მუდმივად განახლებადი ინფორმაცია გვერდის გადატვირთვის გარეშე? სწორედ აქედან დაიწყო ვების ტრანსფორმაცია სტატიკური გვერდებიდან, ცოცხალ აპლიკაციებამდე. ფეისბუქმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა და დახვეწა მონაცემთა ასინქრონული ჩატვირთვა (AJAX), რამაც თანამედროვე ინტერნეტს ჩაუყარა საფუძველი.

 

დღეს, როცა თქვენ სოციალურ ქსელს "სქროლავთ" და კონტენტი არასდროს მთავრდება, ეს სწორედ იმ ტექნოლოგიური გარღვევის დამსახურებაა, რომელმაც ადამიანის ფსიქოლოგია და ალგორითმი ერთმანეთს დაუკავშირა. დღეს ალგორითმი წყვეტს არა იმას, რა დაიდო ახალი, არამედ იმას – რა არის თქვენთვის რელევანტური ამ კონკრეტულ წამს.

 

React.js – კოდი, რომელზეც თანამედროვე ვები დგას

 

ცოტამ თუ იცის, რომ ფეისბუქის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა არა მისი ლურჯი ინტერფეისი, არამედ ის კოდია, რომელიც მის უკან დგას. 2011 წელს, როდესაც კომპანია მასშტაბირების პრობლემებს წააწყდა, მათ სრულიად ახალი ინსტრუმენტი – React.js შექმნეს.

 

მანამდე ვებსაიტები მძიმე და მოუქნელი იყო. React-მა კი "ვირტუალური DOM-ის" ცნება შემოიტანა. მარტივად რომ ვთქვათ: როდესაც თქვენ ფეისბუქზე "ლაიქს" აჭერთ, ბრაუზერი მთლიან გვერდს თავიდან კი არ ტვირთავს, არამედ მხოლოდ იმ პატარა ღილაკს ანახლებს. ამან ვებსაიტი წარმოუდგენლად სწრაფი გახადა.

 

დღეს Netflix, Airbnb და მსოფლიოს წამყვანი პლატფორმების უმეტესობა სწორედ ფეისბუქის მიერ შექმნილ და შემდგომში "Open Source"-ად ქცეულ ამ ტექნოლოგიაზე მუშაობს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შიდა პრობლემის გადაჭრამ, გლობალური ინდუსტრიის სტანდარტი შეცვალოს.

მეგობრის პროფილიმეგობრის პროფილი

ციფრული ეკონომიკის მასშტაბი

 

ფეისბუქის (Meta) რეალური ძალაუფლება მის ციფრებშია, რომლებიც ხშირად ცალკეული სახელმწიფოების ეკონომიკასაც კი აღემატება. მოდით, შევხედოთ მონაცემებს, რომლებიც ამ პლატფორმის ტექნოლოგიურ და ბიზნეს სიმძლავრეს აჩვენებს:
 

  • 3 მილიარდზე მეტი მომხმარებელი: Meta-ს აპლიკაციებს (Facebook, Instagram, WhatsApp) ყოველთვიურად 3.98 მილიარდი ადამიანი იყენებს. ეს ნიშნავს, რომ პლანეტის თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ამ ინფრასტრუქტურის ნაწილია. სერვერების დატვირთვის კუთხით, ეს მონაცემთა დამუშავების უპრეცედენტო მასშტაბია.
     
  • 200 მილიონი ბიზნესი: პლატფორმაზე რეგისტრირებულია 200 მილიონზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი. მათთვის ეს მხოლოდ სოციალური ქსელი არაა, ბევრისთვის ფეისბუქი გაყიდვების მთავარი არხია.
     
  • რეკლამის ჰეგემონია: კომპანიის შემოსავლის 97%-ზე მეტი რეკლამაზე მოდის. მხოლოდ 2023 წელს, Meta-ს სარეკლამო შემოსავალმა 131 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. შედარებისთვის, ეს ბევრი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ-ს)  აღემატება.


ეს რიცხვები ადასტურებს, რომ ცუკერბერგის მიერ, ჰარვარდის სტუდენტების ერთმანეთთან დასაკავშირებლად შექმნილი საიტი, დღეს გლობალური ეკოსისტემაა, რომლის გამართულ მუშაობაზეც მსოფლიო ელექტრონული კომერციის დიდი ნაწილია დამოკიდებული.

 

პიქსელი: მარკეტინგული "ჯაშუში" თუ გენიალური ასისტენტი?

 

ფეისბუქმა ბიზნესის კეთების წესებიც რადიკალურად შეცვალა. თუ ადრე რეკლამა "ყველასთვის ყვირილს" ნიშნავდა, ფეისბუქმა “Facebook Pixel” შემოიტანა – პატარა კოდი, რომელიც დღეს თითქმის ყველა ონლაინ მაღაზიაშია ჩაშენებული.

 

ეს ტექნოლოგია მარკეტერებს საშუალებას აძლევს, დაინახონ არა მხოლოდ ის, თუ ვინ დააკლიკა რეკლამას, არამედ ვინ დაამატა ნივთი კალათაში და ვინ შეიძინა ის. ალგორითმმა მომხმარებლის ქცევის წინასწარმეტყველება ისწავლა. შედეგად, ბიზნესს შესაძლებლობა  მიეცა, თავისი პროდუქტი შესთავაზოს მხოლოდ მათ, ვისაც ის რეალურად სჭირდება. ამან მცირე ბიზნესებს გიგანტებთან კონკურენციის საშუალება მისცა, რადგან დღეს  ეფექტური რეკლამისთვის მილიონიანი ბიუჯეტები საჭირო აღარაა.

მომხმარებლის პროფილიმომხმარებლის პროფილი

ადაპტაცია ან სიკვდილი: გაკვეთილი ბიზნესისთვის

 

22 წლის განმავლობაში ფეისბუქმა (ამჟამად Meta-მ) არაერთხელ დაამტკიცა, რომ გადარჩენა მხოლოდ მუდმივი ადაპტაციითაა შესაძლებელი. როდესაც 2012 წელს სმარტფონების ბუმი დაიწყო, ბევრი კომპანიის კრახს წინასწარმეტყველებდა, რადგან მათი საიტი მხოლოდ კომპიუტერებზე იყო გათვლილი. თუმცა, ცუკერბერგმა რადიკალური ზომები მიიღო, სტრატეგია მთლიანად "Mobile First" პრინციპზე გადააწყო და ისეთი პლატფორმები შეიძინა, როგორიცაა Instagram და WhatsApp.

 

დღეს კომპანია კვლავ გზაჯვარედინზეა. სახეცვლილი ბრენდი ახლა აქცენტს ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და ვირტუალურ რეალობაზე (Metaverse) აკეთებს. გაამართლებს თუ არა ეს ფსონი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ერთი რამ ცხადია: ტექნოლოგიურ სამყაროში გაჩერება უკან დახევას ნიშნავს.

 

რას ნიშნავს ეს თქვენი ბიზნესისთვის?

 

ფეისბუქის ისტორია გვასწავლის, რომ წარმატებული ციფრული პროდუქტი მხოლოდ კარგი იდეა და ლამაზი დიზაინი არაა. ესაა გამართული არქიტექტურა, მონაცემთა სწორი ანალიზი და მომხმარებლის ქცევაზე მორგებული ფუნქციონალი.

 

თანამედროვე ვებსაიტი ან აპლიკაცია ცოცხალი ორგანიზმი უნდა იყოს, რომელიც ბაზრის მოთხოვნებზე რეალურ დროში რეაგირებს. თუ ისეთი პარტნიორი გჭირდებათ, რომელიც თანამედროვე, სწრაფი და ბიზნეს-მიზნებზე ორიენტირებული ვებ-პლატფორმის შექმნაში დაგხემარებათ – ჩვენი გამოცდილება თქვენს განკარგულებაშია.

 

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე: 📞 032 2 47 07 70. ჩვენ ვიცით, როგორ ვაქციოთ ტექნოლოგია თქვენი ბიზნესის ზრდის ინსტრუმენტად.

 

სხვა ბლოგები