წარმოიდგინეთ სცენა: ტაქსით მგზავრობთ და ნაცნობი, სასიამოვნო ხმა გესმით, რომელიც მურმან ლებანიძის ლექსს მღერის. მელოდია იმდენად ახლობელი და “ქართულია”, რომ ერთი წამით გავიწყდებათ – ეს სიმღერა ტრადიციული გაგებით არ არსებობს. ის არც სტუდიაში ჩაწერილა და არც ვინმეს უმღერია. ეს მათემატიკური ალგორითმია, რომელმაც ადამიანის მიერ მიცემული სწორი მითითებით ზუსტად გამოიცნო ჩვენი კულტურული კოდი.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 2026 წელში. დღეს ხელოვნურ ინტელექტთან თანაცხოვრებისთვის აღარ ვემზადებით – ჩვენ უკვე მასთან ერთად ვცხოვრობთ. თანაც, ამ პროცესში, ძალიან გაცნობიერებულად შევედით.
ზუსტად ის ალგორითმები, რომლებიც დღეს ციფრულ მარკეტინგში მომხმარებლის ქცევას წინასწარმეტყველებენ, ახლა უკვე ჩვენს მუსიკალურ გემოვნებასაც იდეალურად ერგებიან. ხელოვნურმა ინტელექტმა კონტექსტის, ემოციური ტონალობისა და იმ ნიუანსების აღქმა ისწავლა, რომლებიც აქამდე მხოლოდ ადამიანური ინტუიციის სფეროდ მიიჩნეოდა. როდესაც პლატფორმა იმ სიმღერას გთავაზობთ, რომელიც თქვენს განწყობას ემთხვევა, ან ონლაინ მაღაზია ზუსტად იმ პროდუქტს გთავაზობთ, რომელსაც ეძებდით, თქვენ მიღებული შედეგით ტკბებით და ნაკლებად ფიქრობთ იმაზე, თუ რა რთული ტექნოლოგიური პროცესები დგას ამ კომფორტის მიღმა. სწორედ ამ “უხილავმა” ეფექტურობამ მიგვიყვანა იმ წერტილამდე, სადაც ხელოვნური და ნამდვილი ერთმანეთში ისე აირია, რომ მათ შორის გამყოფი ხაზის პოვნა სულ უფრო რთულდება…















