1. გაიაზრე, რისთვის გჭირდება ლოგო
ლოგო შენი ბიზნესის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ის პირველია, რასაც პოტენციური მომხმარებლები დაინახავენ, ამიტომ მათ გემოვნებაზე მორგებული, საუკეთესო ვერსია უნდა შესთავაზო.
ლოგო შენს ბრენდზე პირველად ინფორმაციას გასცემს. ხშირად, მომხმარებელი მხოლოდ ლოგოს მიხედვით საზღვრავს, რამდენად უნდა შენს ბრენდთან ურთიერთობის დაწყება.
არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ ლოგო ერთჯერადი გამოყენებისთვის არ იქმნება, ის იქნება ყველგან და ყველაფერზე, რაც შენს კომპანიას ეხება - ვებგვერდზე, შეფუთვაზე, სავიზიტო ბარათზე, უბრალო ბლანკზეც კი. შესაბამისად, უნდა შეეცადო, რომ შენი ლოგო განსაკუთრებით თვალშისაცემი იყოს და თანაც კონკურენტების ლოგოებისგან გამოირჩეოდეს.
2. რა უნდა გააკეთო ლოგოს დიზაინამდე?
განსაზღვრე შენი ბრენდის იდენტობა
შენი ლოგო ბრენდის ხასიათს უნდა გადმოსცემდეს. პირველ რიგში, განსაზღვრე, როგორია შენი ბრენდი? როცა ზედმიწევნით გეცოდინება, რა აქცევს შენს ბრენდს უნიკალურად, ლოგოს დიზაინზე მუშაობა გაგიადვილდება.
თუ არ იცი, საიდან დაიწყო, კითხვებს მიჰყევი:
რატომ დავიწყეთ ეს ბიზნესი?
ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, რა შეხედულებები და ღირებულებებია მნიშვნელოვანი?
რას ვაკეთებთ სხვებზე უკეთ?
რა გვაქცევს განსაკუთრებულად?
ჩვენი ბრენდი სამი სიტყვით რომ აღვწეროთ, რომელ სამ სიტყვას გამოვიყენებთ?
იდეალურ შემთხვევაში, რომელი სამი ზედსართავით უნდა აღგვწერონ მომხმარებლებმა?
იპოვე შთაგონება
დიზაინის შექმნის თვალსაზრისით, ყველაზე რთული შთაგონების პოვნაა. ამიტომაც, რჩევები მოგიმზადეთ.
დაიწყე ბრეინშტორმინგით
თუ გინდა, რომ ლოგოს მკაფიო კონცეფცია უმაგრებდეს ზურგს, იდეების შეგროვება დროულად დაიწყე. ბრეინშტორმინგი დაგეხმარება გამოკვეთო განსხვავებული მოსაზრებები, მიზნები და შემოქმედებითი იდეები.
- ნუ გადაუხვევთ ბრეინშტორმინგის მთავარ წესს - გააჟღერეთ და ჩაიწერეთ ნებისმიერი იდეა. ყველაზე უსარგებლო იდეის გახმოვანებამ შეიძლება ჭეშმარიტებამდე მიგიყვანოთ.
- იფიქრე სამიზნე სეგმენტივით - ნუ გაცდებით იმ ადამიანების მსოფლმხედველობას, ვისაც თქვენი კომპანია უნდა მოემსახუროს. ყოველთვის გახსოვდეს, რა არის მნიშვნელოვანი მათთვის, რა მოსწონთ და რა მიაჩნიათ მიუღებლად. ჩამოწერეთ ის სიტყვები, რომელიც გგონიათ, რომ თქვენს ბრენდს აღწერს და ჩამოწერეთ ის ზედსართავებიც, რომელიც თქვენს კომპანიასთან მიმართებით გინდათ, გაჟღერდეს.
- ჩართე ყველა - ნუ მიიღებ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. ჩართე თანამშრომლები სხვა დეპარტამენტებიდან, დაუძახე ბიზნესპარტნიორებს ან თუნდაც, მეგობრებს. საწყის ეტაპზე, განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა უკეთესი შედეგის მიღწევაში დაგეხმარება.
როცა საქმე ლოგოზე მიდგება, შაბლონური ნუ იქნები. ორიგინალურმა გადაწყვეტამ, შესაძლოა, ბაზარზე გამოგარჩიოთ და ასე ბრენდის უნიკალური ხასიათის გადაცემაც უკეთ შეძლოთ.
შექმენი მუდბორდი
ლოგოზე მუშაობა მხოლოდ ვერბალური და წერილობითი მოთხოვნებით არ შემოიფარგლება. შთაგონებისთვის საუკეთესო გზა ე.წ. მუდბორდის შექმნაა. თუ დრო გაქვს, მასალების დაბეჭდვა, ამოჭრა და ერთ სივრცეში შეკრება, ცუდი არ იქნება, მაგრამ შეგიძლია ციფრული ინსტრუმენტებიც გამოიყენო და შენი მუდბორდი Pinterest-ზე შექმნა. შეაგროვე ის სურათები, რომელიც მოგწონს, შეკრიბე ყველაფერი - ლოგოები, ილუსტრაციები და გრაფიკული ნამუშევრები. ამ მეთოდით მალე აღმოაჩენ, რომელი სტილი მოგწონს.
დაიწყე ფიქრი, როგორ უნდა გამოიხატოს შენი ბიზნესი ლოგოში? აირჩიე ბრენდის ესთეტიკა - ვინტაჟური სტილი თუ ხმამაღალი, მკაფიო და თანამედროვე გამოსახულება?
შეისწავლე კონკურენტები
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინოვაციური პროდუქტით აპირებ ბაზარზე შესვლას, კონკურენტებს მაინც გადახედე. რა თქმა უნდა, არ გვგონია, რომ იდეები სხვებს უნდა მოპარო, მაგრამ გირჩევთ, კარგად შეისწავლო რას აკეთებენ დანარჩენები. როგორი ლოგოები აქვთ? ყველაზე მეტად რომელი მოსწონს სამიზნე აუდიტორიას? გამოკვეთე, რითი გინდა იყო განსხავებული და იმაზეც იფიქრე, როგორ ასახავ განსხვავებებს ლოგოს დიზაინში.
თუ გინდა, რომ განსხვავება შენსა და კონკურენტებს შორის ძალიან მკაფიო იყოს, რაიმე რადიკალურად განსხვავებული უნდა შექმნა. მაგალითად, თუ ბიზნესების უმეტესობა შენს სფეროში მონოქრომულ დიზაინს იყენებს, შენ ლოგოში ფერები შეიტანე. თუ ყველას ტრადიციული სტილი აქვს არჩეული, თანამედროვე და სახალისო ლოგო მეტ ყურადღებას მიიქცევს.
3. დაიწყე ლოგოს დიზაინზე მუშაობა
რადგან უკვე იცი როგორია შენი ბრენდი და შთაგონებულიც ხარ, დროა, ცოდნა და ენერგია ლოგოში გააერთიანო. ლოგოს ვიზუალური მხარე ბევრი ელემენტისგან შედგება - ფერები, ფორმები, გრაფიკა და ტიპოგრაფიკა. თითოეულ კომპონენტს ცალ-ცალკე განვიხილავთ.
აირჩიე შენი დიზაინის სტილი
პირველ რიგში, უნდა მოძებნო შესაფერისი ესთეტიკა შენი ბრენდისთვის. არ არსებობს ერთი სტილი, რომელიც ყველა კომპანიას მიესადაგება, შენ შენი კომპანიის შესაფერისი უნდა მოძებნო.