რა არის და რატომაა მნიშვნელოვანი ქუქი-ფაილები?

ავტორი: ზურა თეგერაშვილი

გამოქვეყნდა

19.03.2025

წაკითხვის დრო

0 წუთის საკითხავი

ვებ-საიტზე შესვლისას ხშირად გვხვდება შეტყობინება: „ვებსაიტი იყენებს ქუქი-ფაილებს“. როგორც წესი, საიტი თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვების სანაცვლოდ, გარკვეულ ნებართვებს გთხოვთ. მაგრამ ბევრმა არ იცის, რა არის ქუქი ფაილები და რას მოიცავს ქუქი პოლიტიკა (Cookie Policy). ინტერნეტის მომხმარებელთა უმეტესობა, დაუფიქრებლად აძლევს საიტებს ქუქიებზე წვდომას, ზოგი კი, პირიქით, ფრთხილობს და უარს ამბობს ამაზე.

 

მოდი, ერთად გავერკვეთ, რა არის სინამდვილეში ქუქი-ფაილები, შეიცავენ თუ არა მნიშვნელოვან პერსონალურ მონაცემებს და რა უნდა ვიცოდეთ GDPR-ის — მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციების — შესახებ.

ქუქი-პოლიტიკა

რა არის ქუქი-ფაილები? 

 

ქუქი-ფაილები (Cookies) მცირე ზომის ტექსტური ფაილებია, რომლებსაც ვებსაიტები მომხმარებლის მოწყობილობაში (კომპიუტერში, ტელეფონში ან პლანშეტში) ინახავენ. ისინი შეიცავენ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც საიტს, შემდგომში პერსონალიზებული შეთავაზებების გაკეთების მიზნით, ჩვენს იდენტიფიცირებაში ეხმარება. 

 

მარტივად რომ ვთქვათ, ქუქი-ფაილები ესაა ტექნიკური ინსტრუმენტი, რომლითაც ვებ-საიტი “გვიმახსოვრებს”, რათა ის უფრო მოსახერხებელი და ჩვენზე მორგებული გახდეს. საიტზე სადაც მომხმხარებელი რეგისტრაციას გადის, ისინი იმახსოვრებენ შესვლის დეტალებს, როგორებიცაა მომხმარებლის ელ-ფოსტა ან მის მიერ დაყენებული საიტის სხვა პარამეტრები. შესაბამისად, ყოველ ჯერზე აღარ გვიწევს ამ ინფორმაციის ხელახლა შეყვანა, რაც დროსაც გვიზოგავს და გამოყენებასაც აადვილებს. თუ ვებ-საიტის დამზადება გაქვთ გეგმაში, გაითვალისწინეთ ქუქი ფაილების გამოყენება და მომხმარებლებს მათი მართვის შესაძლებლობა მიეცით.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუქი-ფაილების წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენს მოწყობილობაში არსებული ვებბრაუზერის პარამეტრებიდან.

აუცილებელი-ქუქი-ფაილები

ქუქი-ფაილების ტიპები

 

ქუქი-ფაილები ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა: 

  • აუცილებელი ქუქი-ფაილები (Essential Cookies) – ეს ქუქი-ფაილები  აუცილებელია ვებსაიტის გამართულად მუშაობისა და სესიის დროს მომხმარებლისთვის კარგი გამოცდილების უზრუნველყოფისთვის. ისინი გვეხმარება საიტზე ავტორიზაციაში, სესიის დროს უსაფრთხოების დაცვასა თუ კალათაში პროდუქტების დამახსოვრებაში. როგორც წესი, ისინი სესიის დასრულებისთანავე ქრება ან გარკვეული დროით ინახება, მათი გათიშვა კი შეუძლებელია, რადგან ეს სავალდებული ქუქი-ფაილებია და აუცილებელია ვებგვერდის საბაზისო ფუნქციების შეუფერხებელი მუშაობისთვის.
  • ფუნქციური ქუქი-ფაილები (Functional Cookies) – ეს ფაილები ინახავენ მომხმარებლის მიერ არჩეულ პარამეტრებს, მათ შორის, როგორებიცაა საიტის ენა,  თემა ან თუნდაც შრიფტის ზომა. სწორედ ესაა მისი მთავარი დანიშნულება, ვებ გვერდზე მომდევნო ვიზიტის დროს, ეს პარამეტრები უცვლელი გვხვდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვებსაიტის დამზადების შემდგომ ეტაპზე, როდესაც მომხმარებლის პერსონალიზაცია საიტის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
  • ანალიტიკური ქუქი-ფაილები (Analytics Cookies) – ვებსაიტის მფლობელებს ეხმარება, გაარკვიონ, როგორ იქცევიან მომხმარებლები მათ საიტზე ყოფნისას. ისინი აგროვებენ სტატისტიკურ ინფორმაციას, მაგალითად, რომელი გვერდებია ყველაზე პოპულარული, საშუალოდ რამდენ ხანს ჩერდებიან მომხმარებლები საიტზე, ან საიდან მოდიან ისინი — სოციალური ქსელიდან თუ საძიებო სისტემიდან. ამის კარგი მაგალითია Google Analytics, რომელიც მომხმარებელთა ქცევის  შესახებ ინფორმაციას აგროვებს და ამით საიტის მფლობელს საშუალებას აძლევს, ვებსაიტის შინაარსი და საიტზე ნავიგაცია, მომხმარებელთა გამოცდილების შესაბამისად გააუმჯობესოს, 
  • მარკეტინგული ქუქი-ფაილები (Marketing Cookies) – შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლის ინტერესებისა და ონლაინ ქცევის შესახებ ინფორმაცია შეაგროვოს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პერსონალიზებული რეკლამები შესთავაზოს. მარკეტინგული ქუქი-ფაილები ინახავს ინფორმაციას, თუ რომელ გვერდებს სტუმრობთ საიტზე, რა პროდუქტი თუ სერვისი გაინტერესებთ, ან რას ეძებდით ბოლოს. 

ამ ორს შორის განსხვავება ისაა, რომ მარკეტინგული ქუქი-ფაილები რეკლამებს თქვენი ინტერესების მიხედვით გაჩვენებენ, ხოლო ანალიტიკური ქუქი-ფაილები ვებსაიტის მფლობელს ეხმარებიან, გაიგოს, როგორ იყენებენ მომხმარებლები მის პლატფორმას.

მარკეტინგული-ქუქი-ფაილები

რა არის და რატომაა ქუქი პოლიტიკა მნიშვნელოვანი? 

 

თუ ვებ-საიტი ქუქი ფაილებს გარკვეული მიზნებისთვის იყენებს, როგორც წესი მომხმარებლებს ქუქი პოლიტიკის შესახებ ინფორმაციასაც აწვდის (ხშირად ეს საიტის “კონფიდენციალურობის პოლიტიკის” ნაწილია). თუმცა გააჩნია ვებ-გვერდს, თუ მას მხოლოდ აუცილებელი ქუქი-ფაილები სჭირდება, შეიძლება მარტივი შეტყობინებით შემოიფარგლოს, როგორიცაა “ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს”, ხოლო სხვა შემთხვევეაში, მომხმხარებელს უნდა ჰქონდეს წვდომაზე თანხმობის მიცემის შესაძლებლობა. 

 

ეს ყველაფერი მხოლოდ ვებსაიტის მხრიდან გამოხატული კეთილი ნება არაა. მაგალითად, ევროკავშირში მოქმედი კანონი “მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის შესახებ” (GDPR) კომპანიებს ავალდებულებს, რომ მომხმარებლებს აცნობონ, როგორ იყენებენ მათ მონაცემებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვებსაიტებმა უნდა მოგცეს არჩევანი, გავუზიაროთ თუ არა მას ჩვენი მოქმედებები.

 

მიუხედავად იმისა, რომ GDPR ჯერ საქართველოში სავალდებულო არაა, ბევრი ქართული საიტი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც საერთაშორისო აუდიტორიაზე არიან ორიენტირებული, მომხმარებლებს ინფორმაციასაც აწვდიან და ქუქი ფაილების მართვის შესაძლებლობასაც აძლევენ. ამით ვებ-საიტი მომხმარებლის ნდობასაც ინარჩუნებს და თანამედროვე სტანდარტებსაც ფეხს უწყობს.

 

რომ შევაჯამოთ, ქუქი-ფაილების მართვის პოლიტიკა მნიშვნელოვანია, რადგან:

  • მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ხდება მათი მონაცემების დამუშავება.
  • ევროკავშირში და ბევრ სხვა ქვეყანაშიც, მოქმედებს მონაცემთა დაცვის სპეციალური წესები, რომლებიც ვებსაიტებს ავალდებულებს, მომხმარებლებს ქუქი ფაილების შესახებ აცნობოს.
  • ზოგადად კარგი პრაქტიკაა, როდესაც მომხმარებელს შეუძლია ქუქი-ფაილების მართვა და მათი ნაწილობრივ ან სრულად გათიშვა. 

მესამე მხარის ქუქი-ფაილები

 

გარდა პირველი მხარის ქუქი-ფაილებისა, რომლებიც ვებ-საიტის მიერ თქვენს კომპიუტერზე ან მობილურ მოწყობილობაზე იგზავნება, არსებობს მესამე მხარის ქუქი-ფაილები. მესამე მხარის ქუქი-ფაილები (Third-Party Cookies) არის ქუქი-ფაილები, რომლებსაც არა ის ვებსაიტი იყენებს, სადაც შედიხარ, არამედ გარე, მესამე მხარეები — ჩვეულებრივ, სარეკლამო კომპანიები ან ანალიტიკური სერვისები, როგორიცაა Google Ads ან Facebook. ისინი თვალყურს ადევნებენ მომხმხარებლის ქმედებებს — მაგალითად, რომელ გვერდებს სტუმრობს, რა პროდუქტებს ათვალიერებს ან რას ეძებს. ეს მონაცემები კი გამოიყენება იმისთვის, რომ სხვა საიტებზე ამ მომხმხარებელზე მორგებული სარეკლამო შეთავაზებები გამოჩნდეს. მაგალითად, თუ ყურსასმენებს დაათვალიერებთ ერთ საიტზე, მესამე მხარის ქუქის შეუძლია ეს “დაიმახსოვროს” და მერე სხვა საიტზე იგივე ყურსასმენების რეკლამა გიჩვენოთ. (თუმცა, ამან შეიძლება კონფიდენციალურობის რისკები შექმნას, რის გამოც ბევრი ბრაუზერი (მაგ. Safari, Firefox) მესამე მხარის ქუქი ფაილებს ბლოკავს).

ვებსაიტი იყენებს ქუქი ფაილებს

Q&A

 

როდის უნდა დავეთანხმოთ ქუქი-ფაილებს?

 

როგორც აღვნიშეთ, ქუქი-ფაილებზე თანხმობა ზოგჯერ აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვებსაიტი მათ გარეშე ვერ იფუნქციონირებს. ასეთ დროს, ჯერ გადახედეთ, რას ითხოვს საიტი და თუ ეს მხოლოდ საბაზისო ფუნქციებისთვისაა საჭირო (მაგ. გვერდის გამართულად მუშაობა), შეგიძლიათ თამამად დაეთანხმოთ.

 

რამდენად აუცილებელია მესამე მხარის ქუქი-ფაილები?

თუ საიტი მესამე მხარის ქუქი-ფაილებს იყენებს, ზოგიერთი მომხმხარებელი სიფრთხილის გამოჩენას ამჯობინებს. როგორც იცით, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მონაცემები შეიძლება სხვა კომპანიებს ისე გადაეცეს, რომ ამის შესახებ არ გეცოდინებათ. ასეთ შემთხვევაში, კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, შეგიძლიათ თავი შეიკავოთ მესამე მხარის ქუქი ფაილებზე თანხმობისგან.

 

რა მოხდება, თუ ქუქი-ფაილებზე უარს ვიტყვი?

ასეთ შემთხვევაში, ზოგ საიტზე ვერ შეხვალთ, ზოგზე კი უბრალოდ ნაკლები ფუნქცია გექნებათ. მაგალითად, რეკლამები არ იქნება თქვენზე მორგებული ან ყოველ ჯერზე თავიდან მოგიწევთ ავტორიზაციის გავლა.

 

ყველა საიტს სჭირდება ქუქი-ფაილები?

არა, ზოგ მარტივ, ერთგვერდიან საიტს, სადაც მხოლოდ ტექსტია, შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ქუქიები. მაგრამ თუ ვებგვერდი რეგისტრაციას ითხოვს, ქუქი-ფაილები აუცილებელია.

 

შეიძლება ქუქი-ფაილებმა მესამე მხარეს ჩემი ბარათის მონაცემები გადასცენ?

ქუქი-ფაილებს თავისთავად არ შეუძლია თქვენი საბანკო ბარათის მონაცემების მესამე მხარისთვის გადაცემა, რადგან ისინი მხოლოდ იმ ინფორმაციას ინახავს, რასაც საიტი აგროვებს. თუმცა, თუ საიტი ითხოვს შენს საბარათე დეტალებს (მაგ. ბარათის ნომერს, CVV-ს) და ამავე დროს ქუქიების გამოყენებას გთხოვს, გარკვეული რისკი ნამდვილად არსებობს. არასანდო ან დაუცველ საიტზე ქუქიების დაშვებამ შეიძლება ჰაკერებს თქვენი მონაცემების მოპარვა გაუადვილოს, განსაკუთრებით თუ მესამე მხარის ქუქი-ფაილებზე თანხმობა გაქვთ მიცემული. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში ქუქი-ფაილებზე უარის თქმა აჯობებს.

 

ზოგადად, სანამ რაიმე პირად ინფორმაციას შეიყვანთ, ყოველთვის დარწმუნდით საიტის სანდოობაში! ხოლო თუ ვებსაიტის დამზადება, ანდაც არსებულის ოპტიმიზაცია გაქვთ გადაწყვეტილი – მოგვწერეთ  ან დაგვირეკეთ  📞 032 47 07 70

სხვა ბლოგები